საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) აღმასრულებელ მდივანს კრისტიან ფრის ბახს შეხვდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა ბათუმში მიმდინარე ,,გარემო ევროპისთვის" მერვე მინისტერიალის ფარგლებში განსახილველ საკითხებზე ისაუბრეს. საქართველოს მთავრობის მეთაურმა გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელ მდივანს მადლობა გადაუხადა კონფერენციის ფარგლებში თანამშრომლობისა და იმ ძალისხმევისთვის, რომელსაც ორგანიზაცია რეგიონის ქვეყნებში გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით იჩენს.
შეხვედრისას აღინიშნა, რომ UNECE-ის პროცესი „გარემო ევროპისთვის" და მინისტრთა კონფერენციები ხელს უწყობს რეგიონის ქვეყნების თანამშრომლობას და მნიშვნელოვან გარემოსდაცვით საკითხებზე მსჯელობის, პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრისა და კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავების საშუალებას იძლევა. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ კონფერენცია მაღალ დონეზე, საინტერესოდ და ნაყოფიერად წარიმართება.
ბათუმის მინისტერიალში 56 ქვეყნის 600-მდე ოფიციალური დელეგატი მონაწილეობს.