საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრის მხარდაჭერით, რუსეთის ფილმსაცავ „გოსფილმოფონდიდან“ დღეს საქართველოში კიდევ 17 ქართული ფილმი დაბრუნდა. დელეგაცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ ჩამოფრინდა.
როგორც განათლების სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნანა დოლიძე საქართველოს პირველ არხთან საუბრისას ამბობს, ეს არის მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება.
საქართველოში დაბრუნებული 17 ქართული ფილმიდან არის სურათი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა: მიხეილ კალატოზიშვილის პირველი დამოუკიდებელი სარეჟისორო ნამუშევარი „მათი სამეფო“, რომელიც ასევე პირველი ქართველი ქალი რეჟისორის, ნუცა ღოღობერიძის სადებიუტო ნამუშევარს წარმოადგენს.
აღნიშნული ფილმები 1926 წლიდან 1930 წლამდე პერიოდშია გადაღებული. სიძველის გამო, ფილმების საწყისი მასალები სავალალო მდგომარეობაშია და სწორედ ეს იქცა პრიორიტეტად ფილმების შერჩევისას.
გასული საუკუნის 20-იან წლებში დაახლოებით 200-მდე მხატვრული და ქრონიკალური ფილმია შექმნილი, რუსეთის ფილმსაცავში კი მხოლოდ 54 ფილმი ინახება, რომელთა ნაწილი უკვე ჩამოტანილია. ყველა ფილმი „სახკინმრეწვის“ ბაზაზე შეიქმნა (1938 წლიდან „თბილისის კინოსტუდია“, 1953 წლიდან „ქართული ფილმი“).
ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების პროცესი 2020 წელსაც გაგრძელდება, პრიორიტეტი კვლავ 1920-იანი წლების ქართული ფილმები იქნება და აღნიშნული ეტაპის დასრულების შემდეგ, ამ პერიოდის ქართული კინომემკვიდრეობა სამშობლოში სრულად დაბრუნდება.
ამ ეტაპზე საქართველოში 17 ფილმი დაბრუნდა:
„მათი სამეფო“ (1928) – რეჟისორები მ.კალატოზიშვილი, ნ.ღოღობერიძე;
„ხანუმა“ (1926); „ორი მონადირე“ (1927); „ჯანყი გურიაში“ (1928) – რეჟისორი ალექსანდრე წუწუნავა;
„გოგი რატიანი“ (1927); „კრაზანა“ (1928); „კომუნარის ჩიბუხი“ – რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი;
„ბელა“ (1927) – რეჟისორი ვლადიმერ ბარსკი;
„გიული“ (1927) – რეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია;
„იბრაჰიმი და გოდერძი“ („პირველი და უკანასკნელი“ – 1927); „ღრუბელთა თავშესაფარი“ („ცხოვრებასთან შეხვედრა“ – 1928) – რეჟისორი ზაქარია ბერიშვილი;
„ნორჩი მფრინავი“ (1928) – რეჟისორი ნიკოლოზ კახიძე;
„ქალი ბაზრობიდან“ (1928) – რეჟისორი გიორგი მაკაროვი;
„ახალგაზრდობა იმარჯვებს“ (1928) – რეჟისორი მიხეილ გელოვანი;
„ჩემი ბებია“ (1928 – ძველი ვერსია) – რეჟისორი კოტე მიქაბერიძე;
„საბა“ (1929) – რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი;
„მონანიება“ (1986) – რეჟისორი თენგიზ აბულაძე.