ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლების - სნოს, აჩხოტისა და გორისციხის მოსახლეობას, სადრენაჟე სისტემის გაუმართაობის გამო, ათეულობით წელია ჭარბი წყლის პრობლემა აწუხებდა, რაც შეუძლებელს და არაეფექტიანს ხდიდა ისედაც მცირემიწიან რაიონში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას. სამხარეო ადმინისტრაციის თხოვნით, გარემოს დაცვისა სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქართველოს მელიორაციამ მასშტაბური სამუშაოები განახორციელა ამ პრობლემის მოსაგვარებლად. დღეისთვის გაწმენდილია 6,5 კმ სიგრძის სადრენაჟე არხი. გარემონტდა, ხშირ შემთხვევაში კი თავიდან აშენდა კოლექტორული მიმღებები და სრულად მოწესრიგდა სადრენაჟე ინფრასტრუქტურა.
შედეგად 45 ჰექტარი ფართობი გათავისუფლდა ჭარბი წყლისგან და შესაძლებელი გახდა სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის მისი გამოყენება.
ჩატარებული სამუშაოების გასაცნობად და მოსახლეობასთან შესახვედრად ყაზბეგის რაიონს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე; მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი შალვა კერესელიძე, შპს „საქართველოს მელიორაციის“ ხელმძღვანელი დავით წითლიძე და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ოთარ შამუგია ეწვივნენ.