თბილისის დიდუბის რაიონში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების მიზეზი შესაძლოა, გაზის დანადგარის ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა იყოს. აფეთქების შედეგად შენობის V სართული ჩამოინგრა და გაჩნდა ხანძარი. დაშავებულია ერთი ადამიანი, მან სხეულის დამწვრობები მიიღო.
როგორც "რეპორტიორს" შსს-ში განუცხადეს, მოქალაქე სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებმა საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს.
მათივე ინფორმაციით, აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ადგილზე მობილიზებულია 30 მეხანძრე-მაშველი, ასევე, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და ყველა შესაბამისი სამსახური.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას.