კომპანია "თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, თევდორე მღვდლის ქუჩის N38 -დან, სადაც დღეს საღამოს, აფეთქება მოხდა, ზარი გაზის მძაფრ სუნთან დაკავშირებით არ შესულა.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, საქმეზე მოკვლევა მიმდინარეობს და შესაძლოა, დამატებითი დეტალები უახლოეს მომავალში გახდეს ცნობილი.
„ადგილს იკვლევენ ჩვენი ექსპერტები, სწრაფი რეაგირების ჯგუფი ახლაც ადგილზეა და აწარმოებს შესაბამის სამუშაოებს“,- აცხადებენ კომპანიაში.
ასევე არკვევენ, კომპანიამ და მისმა თანამშრომლებმა თუ ჩაატარეს აღნიშნულ კორპუსში მონიტორინგი და გადამოწმებული იყო თუ არა კორპუსში არსებული ბუნებრივ აირზე მომუშავე ტექნიკა.
შეგახსენებთ, თევდორე მღვდლის ქუჩის N38 -ში მდებარე კორპუსში აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის დაგროვებამ გამოიწვია. დაშავებულია ერთი, 77 წლის მამაკაცი, რომელიც სხეულის მესამე ხარისხის დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.