სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულში გაზიფიცირების პროექტს ახორციელებს. პროექტის შესაბამისად გაზიფიცირდება შემდეგი სოფლები: საქირიო, საკუკავო და ხამისკური. ბუნებრივი გაზით სარგებლობის შესაძლებლობა 600 ოჯახს ექნება. სამუშაოებზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული, გაზგამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაციას კომპანია „სოკარ-ჯორჯია გაზი“ განახორციელებს. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები. საშუალო წნევის გაზსადენის მშენებლობის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია გაეცნო.