ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები მარგო მარტიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირის მისიის ცხელი ხაზი ამ საკითხთან დაკავშირებით არ იყო ამოქმედებული.
„მსგავსი ტრაგედია აჩვენებს, თუ როგორ აისახება გადაადგილების თავისუფლების მკაცრი შეზღუდვა მოსახლეობაზე. ევროკავშირის მისია აღნიშნავს, რომ 5 სექტემბრის შემდეგ ჩაკეტილია ახალგორის მთავარი გადასასვლელი, რომლითაც დღეში 400 ადამიანი სარგებლობდა. განცხადების თანახმად, ამის გამო, ადგილობრივი მოსახლეობა ადეკვატურ და სწრაფ სამედიცინო დახმარებას მოკლებულია, რაც ადამიანების ცხოვრებაზე ნეგატიურად აისახება. ევროკავშირის მისია მოვლენების განვითარებას ყურადღებით აკვირდება. მომდევნო სირთულეების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდვები რაც შეიძლება სწრაფად მოიხსნას, რათა ინდივიდუალურ შემთხვევებში, ჰუმანიტარული ფაქტორი გადამწყვეტი იყოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ახალგორის მკვიდრი, 70 წლის მარგო მარტიაშვილი რამდენიმე დღის წინ ცუდად გახდა. თუმცა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მას თბილისში გადაყვანაზე უარი უთხრეს. მარტიაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.