გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ ყოფილ პროკურორ სალომე ადეიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამსახურებრივი შემოწმება.
მისივე თქმით, კონკრეტული ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.
„მნიშვნელოვანია, ინფორმაცია იქნებოდა უფრო კონკრეტული, გამომდინარე იქიდან, რომ საუბარია 4-5 წელზე. მე ძალიან ვწუხვარ, რომ მან ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამსახურებრივი შემოწმება. იმედი მაქვს, ყოფილი პროკურორი ითანამშრომლებს შესაბამის ორგანოებთან. კონკრეტული ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება“, - აღნიშნა შალვა თადუმაძემ.
შეგახსენებთ, რომ დიდუბე-ჩუღურეთის პროკურორის პოზიცია სალომე ადეიშვილმა ხმაურიანი პოსტით დატოვა. ის სისტემაში 2013 წლის აპრილიდან 2019 წლის 15 ოქტომბრამდე მუშაობდა.