საქართველოს გენერალურის პროკურორის შალვა თადუმაძის თქმით, მაკო გომურისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით სასამართლომ არსებული კანონმდებლობა გაითვალისწინა.
„სასამართლომ გაითვალისწინა ის სამართლებრივი მექანიზმები და ის კანონმდებლობა, რაც დღეს საქართველოში არსებობს, შესაბამისად, მას არ მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი. კანონმდებლობა თუ შეიცვლება ამ მიმართულებით, მაშინ მას მიენიჭება დაზარალებულის სტატუსი“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.
გენერალურმა პროკურორმა განმარტა, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მაკო გომურს ვერ მიენიჭება დაზარალებულის სტატუსი.
შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს, საღამოს, პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, რაც რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სპიკერის სკამში გამოჩენას მოჰყვა, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა სცადა. სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთ-ერთი მაკო გომური იყო.