თბილისის საქალაქო სასამართლო, მეუღლის და მცირეწლოვანი შვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მაგდა პაპიძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს.
„ნაფიცი მსაჯულები სისხლის სამართლის საქმის განხილვას იწყებენ. თბილისის საქალაქო სასამართლოში 10 ივნისს, 11:00 საათზე, მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილის განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებული მ.პ.ს მიმართ, ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა იწყება. წარდგენილი ბრალის თანახმად, მ.პ.ს ბრალად ედება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და დამამძიმებელ გარემოებებში, ორი პირის განზრახ მკვლელობა. ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომებზე გამოცხადებულ კანდიდატთაგან შეირჩა 15 ნაფიცი მსაჯული. დღევანდელ სხდომაზე, განისაზღვრა 12 ძირითადი და 3 სათადარიგო ნაფიცი მსაჯული, რომლებიც უშუალოდ განახორციელებენ მართლმსაჯულებას. ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობა კონფიდენციალურია. მათი უსაფრთხოების მიზნით, სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირებს და პროცესის მონაწილეებს ეკრძალებათ მსაჯულთა ვინაობის გამხელა. სხდომის ფოტოგადაღება, კინო, ვიდეო, აუდიოჩაწერა და ეთერში გადაცემა უნდა განხორციელდეს ნაფიც მსაჯულთა გადაღების, მათი ვინაობის, გარეგნული ნიშნების და სხვა პერსონალური მონაცემების გამხელის გარეშე", - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.