წყალტუბოს აღორძინების პროექტი არის მისი კიდევ ერთი დიდი საქველმოქმედო ინვესტიცია, რომელიც წყალტუბოს თავის ფუნქციას დაუბრუნებს და საერთაშორისო კურორტის სტატუსს შესძენს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, წყალტუბო გახდება მასშტაბური ტურისტული ცენტრი, რომელიც დიდ სტიმულს მისცემს იმერეთის რეგიონისა და მთლიანად დასავლეთ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას.
„კურორტის აღდგენას აუცილებლად მოჰყვება რეგიონში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, რაც იმას ნიშნავს, რომ ათეულობით ათას ოჯახს მუდმივი შემოსავლის წყარო გაუჩნდება. ეს არის უნიკალური პროექტი, რომლის განხორციელებაც მრავალი წლის განმავლობაში ვერ შეძლო ვერც სახელმწიფომ და ვერც კერძო სექტორმა. ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის საქმით დგას იქ, სადაც სჭირდება ჩვენს ქვეყანასა და ხალხს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა დღეს წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ იწყებს წყალტუბოს განვითარების პროექტს. მისივე თქმით, წყალტუბოს აქვს პოტენციალი, გადაიქცეს რეგიონის ტურიზმის დედაქალაქად.