logo_geo
eng_logo
მეუფე იაკობმა ადვოკატ მიხეილ რამიშვილისთვის 1 ლარის გადახდაზე უარი თქვა
- +

30 ოქტომბერი. 2019. 16:10

 

 

მეუფე იაკობმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა მოსამართლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, მას ადვოკატ მიხეილ რამიშვილისთვის მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 1 ლარი უნდა გადაეხადა და ამასთან, საჯაროდ განეცხადებინა, რომ მის მიერ მიხეილ რამიშვილის მისამართით გაჟღერებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

 

მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მეუფე იაკობი თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მიხეილ ჩინჩალაძესა და მოსამართლეებს დაემუქრა, რომ მის წინააღმდეგ გადაწყვეტილება არ გამოიტანონ. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

 

„იაკობი თავს იკლავს, რომ არ უარყოს ის, რაშიც ცილი დამწამა, იმიტომ რომ მერე პასუხი უნდა აგოს თვით საეკლესიო კანონითაც. როცა სასულიერო პირი ცილს დასწამებს სხვას, ვალდებულები არიან, წმინდა სინოდმა ეს განიხილოს, ვინაიდან რჯულის თანახმად, განხილვა ხდება და იმ პირმა, ვინც სხვას ცილი დასწამა, თავის ნათქვამს თუ ვერ დაამტკიცებს, იმის სახელის მატარებელი თვითონ ხდება. საპატრიარქოს პრესმდივანმა და ერთ-ერთმა მეუფემ წერილი მომწერეს, აღნიშნულ საქმეს მაშინ განვიხილავთ, როცა სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებსო. აბსურდული რაღაცაა! რა შუაშია საერო სასამართლო, როცა საეკლესიო სასამართლო არის. თავის არიდება უნდოდათ, რომ ეს არ გაეკეთებინათ. დაველოდები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მერე ამ გადაწყვეტილებებს ხელს მოვკიდებ და მივართმევ წმინდა სინოდის წევრებს, რომელთაც ვეტყვი, თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება-მეთქი. როგორ შეათავსებენ საერო და საეკლესიო გადაწყვეტილებებს, ვნახავ“, - აცხადებს რამიშვილი.

 

შეგახსენებთ, 2018 წლის 11 დეკემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიხეილ რამიშვილის სარჩელი დააკმაყოფილა და მეუფე იაკობს დაეკისრა საჯაროდ გაცხადება, რომ მის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, მას ასევე დაეკისრა სიმბოლურად 1 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის.

 

საქმე ეხება 2017 წლის 21 სექტემბერს, მოსარჩელის მისამართით მედიაში საჯაროდ გაკეთებულ განცხადებას, რომლითაც მოპასუხემ მოსარჩელე მოიხსენია, როგორც მაბეზღარა ადამიანი და სანდრო გირგვლიანის საქმეზე ჩანერგილი აგენტ-პროვოკატორი, რომელიც ინფორმაციას აწვდიდა ყოფილ მაღალჩინოსნებს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner