7 ივნისს, „ხეტაფეს" სტადიონზე, ესპანეთის ნაკრებმა საქართველოს ეროვნულ გუნდს ამხანაგურ მატჩში უმასპინძლა. ფავორიტებად, რა თქმა უნდა, დელ ბოსკეს შეგირდები მიიჩნეოდნენ და ჩვეული „ტიკი-ტაკას" სტილში, ბურთის ფლობით წარმართეს თამაში. მიუხედავად იმის, რომ ესპანელებმა „ჯვაროსნები" თითქმის ყველა კომპონენტში დაჩაგრეს, მთავარი - ტაბლოზე ანგარიში, 40-ე წუთის შემდეგ ქართველთა სასარგებლოდ ფიქსირდებოდა.
ესპანელებმა საკმაოდ კარგად დაიწყეს და შეხვედრის საწყისი წუთები მაღალ ტემპში ჩაატარეს, თუმცა პირველი ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, „ჯვაროსნებმა" პირველი გააზრებული შეტევა წამოიწყეს, მეტოქე კონტრშეტევაზე დაიჭირეს და დე ხეას კარს მიუახლოვდნენ. ვაკო ყაზაიშვილის გარბენი პიკემ ვარდნაში შეაჩერა, თუმცა ბურთთან პირველი ჯაბა ჯიღაური აღმოჩნდა, რომელმაც თორნიკე ოქრიაშვილი ზუსტი პასით, ცარიელ კართან დატოვა, ამ უკანასკნელს კი ანგარიშის გახსნა არ გასჭირვებია. აღსანიშნავია, რომ პასის მომენტში ოქრიაშვილი თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა გვერდითი არბიტრი შეტევას სათანადოდ ვერ აჰყვა და საბედნიეროდ, თამაშის წესების დარღვევა ვერ დააფიქსირა - 1:0, საქართველო დაწინაურდა.
მეორე ტაიმში ესპანელები გაცილებით აგრესიულად გამოიყურებოდნენ, თუმცა მათ წინ უმნიშვნელოვანესი ტურნირი აქვთ სათამაშო და ცხადია, საქართველოსთან სპარინგ-მატჩში თავის მოკვლა არად უღირდა. ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში, ნუკრი რევიშვილი და სერხიო ბუსკეტსი თავებით შეეჯახნენ ერთმანეთს და სერიოზული დაზიანებები მიიღეს. რამდენიმე ხანგრძლივი პაუზის გამო, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ძირითად დროს 7 წუთი დაამატა, რომელსაც საკმაოდ გადააცილა კიდეც, თუმცა „ჯვაროსანთა" დაცვის ხაზი ნამდვილად დამაჯერებლად თამაშობდა მთელი მატჩის განმავლობაში და კარის სუფთად შენახვაც მოახერხა.
სლოვაკეთისა და რუმინეთის ნაკრებებთან სამარცხვინო მარცხების შემდეგ, ესპანეთთან გამარჯვება ნამდვილად პოზიტიური ფაქტია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ამხანაგური მატჩი იყო და მეტოქე თავგანწირვით არ თამაშობდა, ქართველთა გუნდს დაცვით პოზიციებზე აშკარად დაეტყო ვლადიმირ ვაისის ხელი - ფეხბურთელები საკმაოდ მობილიზებულად, დისციპლინირებულად და ზონალურად თამაშობდნენ, რაც მეტოქისთვის თავისუფალი სივრცეების შექმნას ხელს უშლიდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რამდენად კარგადაც თამაშობდა გუნდი დაცვაში, იმდენად უნიათოდ ადიოდა შეტევაში. ერთი სიტყვით, სამუშაო კიდევ ძალიან ბევრია.
ესპანეთი - საქართველო 0-1
გოლი: ოქრიაშვილი (40')
ესპანეთი: დე ხეა, პიკე, ბუსკეტსი (პედრო 76'), ლუკას ვასკესი (დავიდ სილვა 61'), ფაბრეგასი (ინიესტა 46'), ტიაგო (კოკე 46'), სერხიო რამოსი (სან ხოსე 46'), ხუანფრანი (ბელერინი 46'), ხორდი ალბა, ადურისი, ნოლიტო;
მთავარი მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე
საქართველო: რევიშვილი (კვასხვაძე 55'), ლობჟანიძე, კვირკველია, კაშია, ამისულაშვილი, აბურჯანია (ცისკარიძე 78'), ყაზაიშვილი (ქვილითაია 72'), დვალიშვილი (ჭანტურია 72'), ოქრიაშვილი, ჯიღაური, ნავალოვსკი (კობახიძე 84');
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
მსაჯები: ვილიალმურ თორარინსონი, გულფი სიგურდსონი, გუნარ გუნარსონი, ხუან მარტინესი
გაფრთხილება: 61' კვირკველია, 81' სან ხოსე