,,მიხეილ სააკაშვილი და ნაცმოძრაობის მოლაპარაკე თავები უკვე გადავიდნენ აგრესიულ კამპანიაზე, რომლის სამიზნეც ცხადია მთავრობა და ბიძინა ივანიშვილია. უტიფრობის ყველა ზღვარს სცდება ლამის მათივე პარტიის წევრის პეტრეს ქმედებებზე პასუხის ვინმეზე მოთხოვნა“, - ამის შესახებ საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, უამრავ ღირსებათა შორის და იმ ღვაწლს შორის, რასაც ოთხ ათეულ წელზე მეტია ეწევა საქართველოს პატრიარქი, ცალსახად შესამჩნევია მისი პოლიტიკური პოზიცია, რომელიც ყოველთვის მიმართული იყო ერის გამთლიანებაზე, შუღლის აღმოფხვრაზე, დაპირისპირებათა დეესკალაციაზე.
„პაატა რევაზის ძე ცაავა, დაბადებული 1970 წლის 7 აპრილს, აღარ წარმოადგენს ჭყონდიდელ მიტროპოლიტ პეტრეს, რომელიც ზუსტად 17 წლის განმავლობაში მსახურებდა ჯერ ხევის, შემდეგ კი ჭყონდიდის მღვდელმთავრად. 2002 წელს იგი პირადად პატრიარქმა გამოარჩია ამ მსახურებისთვის და შეუქმნა ყოველგვარი პირობა სამოღვაწეოდ. სინოდის გადაწყვეტილებით მას ჩამოერთვა ეპარქია, წოდება და შეუჩერდა მღვდელმსახურება. დღევანდელი გადაწყვეტილებით კი სინანულისთვის შიომღვიმის მონასტერში ცხოვრება განესაზღვრა. სინოდის სხდომიდან გამოსულმა, წოდებისგან განძარცვულმა პეტრემ, აღასრულა დიდი ხნის განზრახვა, შეურაცხყო პირადად პატრიარქი და გამოიწვია როგორც მრევლის, ასევე მთელი საქართველოს საზოგადოების მღელვარება. სინოდის გადაწყვეტილების შესახებ, როგორ და რა ვითარებაში გადაწყდა პეტრე ცაავას განკანონება, გუშინდელ დღის ქრონიკაში ისაუბრა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა, მოგვიანებით კი ვიხილეთ პოლიტიკოსთა გამოხმაურებები. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეწვია საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია, რომელმაც დღეს მთავრობის სხდომის წინ კიდევ ერთხელ შეაფასა მომხდარი.
სინოდის სხდომის ოქმში ვკითხულობთ, რომ გაფრთხილება მიეცა ბოდბელ მღვდელმთავარ იაკობსაც, რომლის შეუფერებელი ქცევითა და საჯარო განცხადებებითაც აგორდა მორიგი აჟიოტაჟი ეკლესიის გარშემო. მეუფე იაკობს ჯერჯერობით უნარჩუნდება სამღვდელმთავრო პატივი, თუმცა იგი გაათავისუფლეს ქორეპისკოპოსის წოდებისგან და ადმინისტრაციული თანამდებობისგან საპატრიარქოში. სინოდმა ასევე გადაწყვიტა მიმართონ საქართველოს პრეზიდენტს დეკანოზ მამალაძის შეწყალების თხოვნით.
შეიძლება თამამად აღინიშნოს, რომ სასულიერო პირთა აშკარა აფილირება პოლიტიკურ პროცესებთან ყოველთვის სრულდება ცუდად. საქართველოს ეკლესიას ახსოვს სხვა მღვდელმთავრებიც, რომლებიც გაბმულან ამ მახეში. უამრავ ღირსებათა შორის და იმ ღვაწლს შორის, რასაც ოთხ ათეულ წელზე მეტია ეწევა საქართველოს პატრიარქი, ცალსახად შესამჩნევია მისი პოლიტიკური პოზიცია, რომელიც ყოველთვის მიმართული იყო ერის გამთლიანებაზე, შუღლის აღმოფხვრაზე, დაპირისპირებათა დეესკალაციაზე. უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ყოველთვის ცდილობდა ყოფილიყო შემრიგებელი, მომრიგებელი, სათნოებისა და სიყვარულის მქადაგებელი. ერთსულოვნება იქცა მის მიერ ხმამაღლა გახმიანებულ საეკლესიო დოქტრინად. სწორედ ამგვარ საფუძველზე აგებული ქადაგებებით მოიპოვა მან ხალხის სიყვარული, პატივისცემა და საკუთრივ მისი და მთლიანად ეკლესიის სანდოობა. როგორც ჩანს, სწორედ პატრიარქის შემწყნარებლობის ხარჯზე შეინარჩუნა პეტრემ სამღვდელმთავრო წოდება ამ ხნის მანძილზე. მისი გამაღიზიანებელი ქმედებები, პოლიტიკური განცხადებები, მედიაში აგორებული აჟიოტაჟები დიდი ხანია დამაზიანებელია ეკლესიისა და მრევლისათვის. ორივე მღვდელმთავარი, იაკობიცა და პეტრეც, ცალსახად იყვნენ გამორჩეული თავიანთი პოლიტიზების ხარისხით ამბიონზეც და მედიაშიც. მათმა დაპირისპირებამაც არაერთხელ მიიღო მძაფრი ხასიათი“, - განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.
იგი დარწმუნებულია, რომ არავითარ შიომღვიმეში პეტრე არ გაემგზავრება და საბოლოოდ ჩამოყალიბდება ოპოზიციური მედიასაშუალებების „სპიკერ-კომენტატორად“.
„პაატა ცაავა, რომელიც ადგილობრივ ეპარქიაში ახალაიების მოძღვრად იყო ცნობილი, არ მალავდა მის სიმპათიას „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. დესტრუქციული საქმიანობის ხელწერაც როგორც ჩანს კარგად შეითვისა მათგან და გადაწყვიტა იგივე მეთოდების ეკლესიაში გამოყენება. დიდი ხნის მანძილზე იგი ცდილობდა აჟიოტაჟის შეტანას დეკანოზი მამალაძის საქმით, ხოლო როცა ვერაფერს მიაღწია, გადამწყვეტი იერიში მიიტანა საბჭოთა კაგებეს უბინძურესი ჭორების გაცოცხლებით და ღიად სცადა პატრიარქის დისკრედიტაცია.
მიხეილ სააკაშვილი და ნაცმოძრაობის მოლაპარაკე თავები უკვე გადავიდნენ აგრესიულ კამპანიაზე, რომლის სამიზნეც ცხადია მთავრობა და ბიძინა ივანიშვილია. რაღაც ეშმაკის მანქანებით ისინი პასუხისმგებლობას მომხდარზე ხელისუფლებას აკისრებენ. მათი აგრესია მრავლისმეტყველია, მაგრამ უტიფრობის ყველა ზღვარს სცდება ლამის მათივე პარტიის წევრის პეტრეს ქმედებებზე პასუხის ვინმეზე მოთხოვნა. დრო გვიჩვენებს, როგორ განვითარდება პროცესები, დაემორჩილება პაატა ცაავა პატრიარქის გადაწყვეტილებას თუ კვლავ გააგრძელებს თავის დესტრუქციულ ქმედებებს, აიყოლიებს იგი სასულიერო პირთა ნაწილს, თუ უმტკივნეულოდ ჩაივლის ეს ექსცესი. მე პირადად დარწმუნებული ვარ რომ არავითარ შიომღვიმეში პეტრე არ გაემგზავრება და საბოლოოდ ჩამოყალიბდება ოპოზიციური მედიასაშუალებების „სპიკერ-კომენტატორად“. მისგან პოლიტიკური აქტივისტის ძერწვა დიდი ხანია მიმდინარეობს და სულ მალე პარტიულ მატებას ნაცმოძრაობაში ოფიციალურადაც ვიხილავთ. თუმცა, დაველოდოთ პროცესს“, - აცხადებს გურამ ნიკოლაშვილი.