რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე ვარაუდობს, რომ პრაღის ფორმატში კარასინთან მორიგი შეხვედრა ნოემბრის ბოლოს გაიმართება.
კითხვაზე, რა მანდატით ჩაერთვება გრიგორი კარასინი ფორმატში მას შემდეგ, რაც ის აღარ იკავებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს, აბაშიძემ აღნიშნა, რომ კარასინი არის ფედერაციის საბჭოს წევრი, სენატორი და მას ქვეყნის ხელმძღვანელობამ დაავალა ამ მისიის შესრულება.
„სხვათა შორის, ასევე ქვეყნის ხელმძღვანელობის დავალებით, ასეთივე მანდატით იყო ის, როდესაც პრაღაში მხვდებოდა, როცა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო. ის საუბრობდა იმ ენით, რა ენითაც საუბრობს რუსეთი და რა პოზიციებიც აქვთ რუსეთის სხვა ოფიციალურ წარმომადგენლებს. რაც შეეხება ჩვენს ფორმატს, იქ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა“, – განაცხადა აბაშიძემ.
მისივე თქმით, ოკუპაციის საკითხზე სასაუბროდ ამ ფორმატსაც გამოიყენებს.
„მოგეხსენებათ, პრაღის ფორმატი უმთავრესად განიხილავს სავაჭრო ეკონომიკურ საკითხებს, სატრანსპორტო კომუნიკაციებთან დაკავშირებულ პრობლემატიკას, ჰუმანიტარულ თემებს. ჩვენ 2013 წლის შემდეგ გარკვეული ნაბიჯები გადავდგით სავაჭრო ურთიერთობების აღსადგენად. სატრანსპორტო კავშირებში ჩართულია უამრავი ქართული კომპანია, საჭიროა მათი ინტერესების დაცვა, ზოგადად, სახელმწიფოს ეკონომიკური ურთიერთობების დაცვა პრაღაში. ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები, სრულყოფილი მისიები, ამიტომ ამ საკითხების განხილვა სადღაც საჭიროა, აუცილებელია. 2-3 თვეში ერთხელ ვხვდებით, ჰუმანიტარულ საკითხებსაც განვიხილავთ. გასულ წელს საქართველოს მილიონ ნახევარი რუსი ტურისტი ესტუმრა. ჩვენ გვაქვს მუდმივი კავშირი და კონსულტაციები ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და ისინი ხაზგასმით უჭერენ მხარს ამ ფორმატის გაგრძელებას“, – აცხადებს აბაშიძე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან დიალოგს კვლავ გრიგორი კარასინი გააგრძელებს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ გააკეთა.