რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ნოემბრის ბოლოს, პრაღაში გასამართ შეხვედრაზე რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხს დააყენებს.
როგორც აბაშიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, როდის შეიძლება აღდგეს ავიამიმოსვლა, ამის შესახებ ნოემბრის ბოლოს, პრაღაში გამართული შეხვედრის შემდეგ მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.
„პრაღაში ჩვენ განვიხილავთ სატრანსპორტო კომუნიკაციებთან დაკავშირებულ თემატიკას, მათ შორის საავიაციო მიმოსვლის სხვადასხვა პრობლემებს და ამჯერადაც, დიდი ალბათობით ამ თემაზეც გვექნება საუბარი. რა სახით და როგორ, ეს მოგვიანებით გვეცოდინება. ის, თუ როდის შეიძლება აღდგეს ავიამიმოსვლა, კონკრეტული ინფორმაციისაგან თავს შევიკავებ. ნოემბრის შეხვედრის შემდეგ უფრო ვიქნებით მზად ამ საკითხზე დეტალურად სასაუბროდ.
ჩვენ ბოლო შეხვედრა გვქონდა ივნისში, ივნისის შემდეგ ქართულ კომპანიებს ბევრი პრობლემა და საკითხი დაუგროვდათ განსახილველად. ჩვენ ყოველი შეხვედრის წინ ვხვდებით ამ კომპანიების წარმომადგენლებს, უწყებებს, რომლებსაც შეხება აქვს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებთან, გავდივართ თემებს და შემდგომ ამ საკითხებს განვიხილავთ პრაღაში, ვცდილობთ მათ მოგვარებას და ამჯერადაც ასე გავაკეთებთ“, - განაცხადა აბაშიძემ.
მისივე თქმით, რუსეთის დელეგაციასთან შეხვედრაზე ასევე იქნება საუბარი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობაზე და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე.
„მიუხედავად იმისა, რომ პრაღის ფორმატში არ არის ამ საკითხების განხილვა გათვალისწინებული, ეს არის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პრეროგატივა, ჩვენ ყოველი შეხვედრის წინ ვაკეთებთ განცხადებებს ჩვენი ინიციატივით. ვსაუბრობთ იმ რთულ ვითარებაზე, რომელიც შექმნილია ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, მათ შორის ადამიანის უფლებების დარღვევაზე, ჩვენი რეგიონების მილიტარიზაციაზე და ყოველ კონკრეტულ შეთხვევაზე რაც ხდება საოკუპაციო ხაზთან. ამჯერადაც მოგვიწევს ამაზე საუბარი. ყოველთვის, ყველა ფორმატს ვიყენებთ იმისთვის, რომ ეს მწვავე საკითხები წამოვწიოთ“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ აბაშიძემ.