logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილის პროექტების სოციალური ზეგავლენა ქართულ ეკონომიკაზე - ახალი შესაძლებლობები ქართული ბიზნესისთვის
- +

4 ნოემბერი. 2019. 12:52

 

გამოცემა „Entrepreneur Georgia“ აქვეყნებს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუს სახელწოდებით – „სოციალური ანტრეპრენერის ფენომენი: ბიძინა ივანიშვილის პროექტების სოციალური ზეგავლენა ქართულ ეკონომიკაზე, ბიზნეს-გარემოზე და ქვეყნის მომავალ განვითარებაზე – ახალი შესაძლებლობები ქართული ბიზნესისთვის“.

 

ინტერვიუში საუბარია წყალტუბოსა და აბასთუმანზე, ბანკ „ქართუს“ შესახებ, სასტუმრო „პარაგრაფზე“, თბილისში მიმდინარე და სხვა პროექტებზე.

 

ინტერვიუს შესავალ ნაწილში ვკითხულობთ:

 

„თანამედროვე მსოფლიოში უფრო და უფრო მკვიდრდება სოციალური ანტრეპრენერის ცნება. ვინ არის სოციალური ანტრეპრენერი? სოციალური მეწარმე?

 

სოციალური ანტრეპრენერი (Social Entrepreneur) არის პირი, რომლის ძალისხმევაც მიმართულია ბიზნეს მოდელზე დაფუძნებული ისეთი პროექტების რეალიზებისაკენ, რომელთა მასშტაბიც სოციალური გარემოს ცვლილებაზეა გათვლილი. მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრის, პოზიტიური ცვლილებების განხორციელების, პირადი რისკისა და ინოვაციური ინიციატივების გამო, სოციალური ანტრეპრენერების მიერ განხორციელებული პროექტები საქველმოქმედო ხასიათს ატარებს.

 

ისინი საკუთარ წარმატებას არა მიღებული მოგებით, არამედ იმით ზომავენ, თუ რამდენად შეძლეს არსებული პრობლემების გადაჭრა, რამდენად შეძლეს, უკეთესობისკენ შეეცვალათ ქვეყანა!

 

რამდენად შეძლეს, შეემცირებინათ სიღარიბე მათი მთავარი აქტივის, ფინანსური რესურსის საუკეთესო გზით გამოყენების შედეგად!

 

სოციალური ანტრეპრენერები ახერხებენ ერთმანეთთან დააკავშირონ, გააერთიანონ სოციალური და კომერციული საკითხები და ბიზნესის საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით გადაჭრან საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემები.

 

ქართული „Entrepreneur“  ქვეყნის მთავარი ანტრეპრენერის ბიზნეს და საქველმოქმედო საქმიანობით დაინტერესდა და შეეცადა, გაერკვია, თუ რა მიზნით და რა მოტივაციით ახორციელებს ის მრავალმილიონიან პროექტებს? ელის თუ არა მოგებას? შეეძლო თუ არა იგივე თანხები სხვა, გაცილებით მომგებიან ბიზნეს პროექტებში დაებანდებინა? სად გადის მისთვის ზღვარი ბიზნესსა და ქველმოქმედებას შორის?“.

 

ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ:

 

– ბატონო ბიძინა, დიდი მადლობა, რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე. ჩვენ დიდი ხანია, ვაკვირდებით თქვენს როგორც საქველმოქმედო, ისე ბიზნეს საქმიანობას და ვცდილობთ  გავაანალიზოთ მათი გავლენა ეკონომიკაზე და ზოგადად ქვეყნის განვითარებაზე. თანამედროვე მსოფლიოში უფრო და უფრო მკვიდრდება სოციალური ანტრეპრენერის, სოციალური მეწარმის ცნება. ჩვენი დაკვირვებით, თქვენს საინვესტიციო საქმიანობას ყველაზე მეტად ეს ტერმინი ესადაგება, რადგან სოციალური მეწარმის ძალისხმევა მიმართულია არა იმდენად მოგების მიღებისკენ, რამდენადაც საზოგადო პრობლემების გადაჭრისა და პოზიტიური ცვლილებებისკენ. ამ კუთხით, განსაკუთრებით მასშტაბურია თქვენი ბოლო ინიციატივა კურორტ წყალტუბოს აღორძინების შესახებ, რაც, შესაძლოა, სოციალური მეწარმეობის მართლაც საუკეთესო მაგალითად იქცეს და რეალურად შეცვალოს არსებული ვითარება უკეთესობისკენ ბევრი მიმართულებით. თუმცა, სანამ უშუალოდ წყალტუბოს პროექტზე ვისაუბრებდეთ, საინტერესოა, თქვენი მოსაზრება იმის შესახებ, თუ სად გადის ზღვარი ქველმოქმედებასა და ბიზნესს შორის?

 

- რაც შეეხება ქველმოქმედებას, ამასთან დაკავშირებით ჩემი ხედვა გენიალური  რუსთაველის „რასაცა გასცემ შენია, რაც არა - დაკარგულიას“ ფილოსოფიაზეა დაფუძნებული. ეს ხედვა მე ათეული წლების წინ ჩამომიყალიბდა და  დაახლოებით 15 წლის წინ, ქართულ პრესაშიც გამოქვეყნდა. ღრმად მწამდა და დღესაც მწამს, რომ ქველმოქმედებას მაშინ აქვს ფასი, თუ ის ყოველგვარი აფიშირების, თითქმის ანონიმურად ხორციელდება და სწორედ ამ პრინციპის ერთგულებით ვეწეოდი წლების განმავლობაში ამ საქმიანობას, ვიდრე ჩემს ცხოვრებაში პოლიტიკა არ შემოვიდა, რომელმაც შეიძლება ითქვას, თავდაყირა დააყენა ყველაფერი. მაშინდელი ოპოზიციის ძალისხმევით საჯარო გახდა ის, რაც წლების განმავლობაში კეთდებოდა ამ მიმართულებით. თუმცა, ყალბი თავმდაბლობის და კეკლუცის გარეშე ვიტყვი, რომ ყველაზე ღირებული, რაც ქველმოქმედების კუთხით გამიკეთებია, ვფიქრობ, პოლიტიკაში ჩემი მონაწილეობაა, რადგან უანგარობის პარალელურად, რაც ჭეშმარიტი ქველმოქმედების აუცილებელი პოსტულატია, პოლიტიკაში მონაწილეობა იმ ვითარებაში, იმ ხელისუფლების პირობებში, არათუ ქონების, არამედ ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლის რისკზე გადიოდა. შედეგობრივადაც რომ შევაფასოთ, ვინაიდან პოლიტიკაში ჩემმა მონაწილეობამ ხელი შეუწყო და შესაძლებელი გახადა, ძალაუფლებისგან მშვიდობიანად ჩამოგვეშორებინა ხალხის ჩაგვრაზე დაფუძნებული რეჟიმი, პოლიტიკაში შემოსვლა, ალბათ, მართლაც ყველაზე ღირებულია, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია. რაც შეეხება ამის შემდგომ განხორციელებულ საქველმოქმედო პროექტებს, ვინაიდან 2011 წელს ნავსი გატყდა და გაცხადდა ყველაფერი, მათ შესახებ ინფორმაციის დაფარვამ აზრი დაკარგა და მსოფლიოში აპრობირებული ხასიათი მიიღო – გარკვეული პერიოდულობით საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია ამ პროექტების შესახებ. სხვათა შორის, რადგან წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტი გახდა ამ ინტერვიუს საბაბი, კარგი დამთხვევაა და გეტყვით, რომ სწორედ წყალტუბოს მკვიდრი და, ალბათ, ყველაზე ცნობილი წყალტუბოელი, ყველასთვის საყვარელი მწერალი, ოტია იოსელიანი გამოეხმაურა ჩემს მაშინდელ პუბლიკაციას ქართულ პრესაში და ძალიან საინტერესო რეაქცია ჰქონდა.

 

– წყალტუბოს რომ დავუბრუნდეთ, ყველასათვის ცნობილია, რომ წყალტუბო იყო უნიკალური კურორტი, რომელიც გაჩანაგდა და ვერაფრით მოხერხდა მისი რეაბილიტაცია, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას არაერთგზის უცდია ინვესტორის მოზიდვა. სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინ მეც ვესწრებოდი დუბაიში საინვესტიციო ფორუმს, სადაც საქართველოს მთავრობა ცდილობდა, სწორედ წყალტუბოს მიმართ გაეჩინა არაბ ინვესტორთა ინტერესი, იყო სხვა უამრავი მცდელობაც, თუმცა, ფაქტია, რომ ვერ მოხერხდა. თქვენს განცხადებაში კიდევ ერთხელ გახმოვანდა იდეა, რომ  იწყებთ პროექტს და მზად ხართ ერთპიროვნულად დაასრულოთ იგი, მაგრამ თუ ქართული ბიზნესი გამოეხმაურება თქვენს ინიციატივას და გადაწყვეტს პროექტში მონაწილეობას, მზად ხართ მნიშვნელოვანი ფასდაკლებითაც გაასხვისოთ ნებისმიერი ობიექტი. სხვათა შორის, ანალოგიური მიდგომა ადრეც გამოგიხატავთ იმ ტურისტული ობიექტების მიმართაც, რომელიც „ტურიზმის განვითარების ფონდის“ ეგიდით ხორციელდება, იქნება ეს სასტუმრო „პარაგრაფი“, „პანორამას“ კომპლექსი თუ განმუხურში დაგეგმილი სასტუმროს მშენებლობა, რომლის თაობაზე თქვენ ადრე განაცხადეთ, რომ მზად იყავით, თქვენს მიერ ნაყიდი მიწა გეჩუქებინათ ნებისმიერი ინვესტორისთვის, ვინც სასტუმრო კომპლექსს ააშენებდა. იქნებ უფრო დეტალურად განმარტოთ, რა ბიზნეს მოდელზეა საუბარი და რა არის ქართული ეკონომიკის ამ სეგმენტში თქვენს მიერ განხორციელებული ინვესტიციების საბოლოო მიზანი?

 

- ანბანური ჭეშმარიტებაა, რომ სამეწარმეო საქმიანობის საბოლოო მიზანი – მოგებაა. ბიზნესის თვალსაზრისით, ის ინვესტიცია ითვლება ეფექტურად, რომელიც მაღალი რენტაბელობით გამოირჩევა და თუ რენტაბელობა მოკლე დროში იქნა მიღწეული, ინვესტიციის ეფექტურობის მაჩვენებელი საგრძნობლად იზრდება. ასეთია ბიზნესის შეფასების კრიტერიუმები და ეს თქვენ, ვინც ბიზნესზე წერთ, მშვენივრად იცით. ჩვენს ტურისტულ პროექტებში კი, ეს ორივე კომპონენტი – მოგების და მაღალი რენტაბელობის ამოცანები, საერთოდ არ არის დასახული ან მეორეხარისხოვნად არის მიჩნეული. მოგებაზე გასვლის ვადაც ხომ რენტაბელობის ერთ-ერთი მდგენელია. სწორედ ამიტომ ჩამოყალიბდა ცალკე სტრუქტურად „ტურიზმის განვითარების ფონდი“, რომელსაც „თანაინვესტირების ფონდის“ სხვა პროექტებისგან განსხვავებით, უშუალოდ ჩვენი ოჯახი უწევს კოორდინირებას. მოგეხსენებათ, „თანაინვესტირების ფონდს“, რომელსაც სრულად ჩვენი ოჯახი აფინანსებს, ეფექტური მენეჯმენტი მართავს და ეს ფონდი, თავისი კუთხით, ძალიან სასარგებლო საქმიანობას ეწევა ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, რაზეც აქ დეტალურად არ შევჩერდები, მაგრამ მას, ძირითადად, სხვა სპეციფიკა აქვს და ბიზნესის უნივერსალური კრიტერიუმებით დასაბუთებულ პროექტებს ეხმარება. „ტურიზმის ფონდის“ პროექტები კი, სოციალურად ორიენტირებული და დაბალრენტაბელურია, რაც გარკვეულ დისკომფორტს უქმნიდა „თანაინვესტრების ფონდის“ მენეჯმენტს და ამიტომ გამოვაცალკევეთ. სხვათა შორის, ტურიზმის ცალკე მიმართულებად გამოყოფის იდეა ჩემს მეუღლეს, ეკას ეკუთვნის და დრომ აჩვენა, რომ ეს ოპტიმალური გადაწყვეტილება იყო.

 

– იქნებ უფრო დეტალურად მოგვითხროთ, თუნდაც ერთი პროექტის მაგალითზე, რა სპეციფიური ამოცანები დგას ტურიზმის განვითარების ფონდის წინაშე?

 

- კი ბატონო. ავიღოთ, თუნდაც, შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფი“. თუ მას განყენებულად, ცალკე ბიზნესპროექტად განვიხილავთ და ზემოხსენებული უნივერსალური კრიტერიუმებით შევაფასებთ, პროექტი აპრიორი წამგებიანია. ამ სფეროს სპეციალისტები დამეთანხმებიან, რომ სასტუმრო ბიზნესში ინვესტიციის ოდენობა ერთ ნომერზე გახარჯული თანხით იანგარიშება. ანუ მთლიანი ინვესტიცია იყოფა ნომრების რაოდენობაზე. უმაღლესი კლასის, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს შემთხვევაში, ეს დანახარჯი, ერთ ნომერზე 200-250 ათას დოლარს არ უნდა აღემატებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ობიექტი ვერასდროს გავიდეს მოგებაზე. „პარაგრაფში“ სულ 240 ნომერია, ხოლო ინვესტიციის ოდენობამ უკვე  120 მილიონ დოლარს გადააჭარბა და კიდევ გრძელდება. ელემენტარული არითმეტიკა ცხადყოფს, რომ ერთ ნომერზე გახარჯული თანხა ორმაგად აჭარბებს დადგენილ კრიტერიუმს და 500 ათას დოლარს გაცდა. შესაბამისად, „პარაგრაფის“ საბაზრო ფასი მასში ჩადებული ინვესტიციის ნახევარი, ანუ 60 მილიონი დოლარია და შესაძლოა, ამ ფასადაც ვერ გაიყიდოს. ოჯახში ვიხუმრეთ კიდეც, ჩვენს საკუთარ სახსრებს რომ არ ვხარჯავდეთ და სხვის ფულს ვმართავდეთ, დიდ შარში გავეხვეოდითო. პროექტი გააძვირა იმ არაორდინარულმა ექსკლუზივებმა, რომელსაც „პარაგრაფი“ სთავაზობს და მომავალში შესთავაზებს დამსვენებლებს და რომლებშიც ჩვეულებრივი ინვესტორი ფულს არ ჩადებდა. მაშინ რატომ ვაკეთებთ ჩვენ? ამ კითხვაზე რომ შინაარსიანად ვუპასუხოთ, ცოტა შორიდან უნდა დავიწყოთ. იმისათვის, რომ ჩვენი ზღვისპირეთი კონკურენტუნარიანი გახდეს, გადასაჭრელია ორი უმნიშვნელოვანესი ამოცანა – ტურისტული სეზონი არ უნდა შემოიფარგლოს ზაფხულის თვეებით (სასურველია 5-6 თვეს მიაღწიოს) და მიმზიდველი გახდეს მაღალი მხარჯველობითუნარიანი ტურისტებისთვის. ამ ორი მიზნის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციურ ტურისტებს შევთავაზებთ უმაღლესი კლასის, ექსკლუზიურ სერვისებს სასტუმროს შიგნით და მრავალფეროვან, კარგად განვითარებულ გასართობ და საექსკურსიო ინფრასტრუქტურას სასტუმროს გარეთ. ისეთს და ისეთი ხარისხის, როგორსაც ვერ თავაზობენ რეგიონალური კონკურენტები. ამიტომ გადააჭარბა ორმაგად „პარაგრაფში“ ჩადებულმა ინვესტიციამ დადგენილ კრიტერიუმს. ზამთრის ბაღი, გრანდიოზული აკვარიუმი, ხელოვნურად გამთბარი ზღვის წლის დიდი აუზი, მშენებარე სოლარიუმი და სხვა ექსკლუზივები, რომლებიც უკვე აქვს ან დაგეგმილია და აუცილებლად დაემატება „პარაგრაფს“, სწორედ იმ მიზნით კეთდება, რომ სეზონი გახანგრძლივდეს და სხვაგან არ გავუშვათ პოტენციური ტურისტი. ამ ფარგლებში ვფიქრობთ მაღალი ხარისხის სპორტკომპლექსის მშენებლობაზეც „პარაგრაფსა“ და „ბლექ სი არენას“ შორის ტერიტორიაზე, რათა შევძლოთ უცხო ქვეყნების ეროვნული ნაკრებებისა და კლუბების  ზამთრის „შეკრებების“ მასპინძლობა. ზოგადად, მაღალი გადამხდელუნარიანობის ტურისტს, რომელიც, ორჯერ და სამჯერ მეტ ფულს დახარჯავს ქვეყანაში (და არა მხოლოდ სასტუმროში), რაც კარგი სტიმულია მთლიანი ეკონომიკისთვის, ძირითადად ხარისხი და სახელი იზიდავს და „პარაგრაფმა“ ამ მხრივაც მიაღწია წარმატებას. მოგეხსენებათ, რომ წელს, „პარაგრაფი“ მსოფლიოში უდიდესი ბრენდის „მარიოტის“ სასტუმროთა შორის ევროპაში საუკეთესოდ დასახელდა, რამაც კიდევ უფრო გაზარდა ჩვენი ზღვისპირეთის კონკურენტუნარიანობა და მიმზიდველობა. შესაბამისად, რომ შევაჯამოთ, ჩვენი ინვესტიციები ამ მიმართულებით გათვლილია ტურიზმის სფეროში ხარისხიანი ინფრასტრუქტურის და ზოგადად რეგიონის განვითარებისთვის და არა ორდინარული ბიზნეს ამოცანის – სწრაფი და, შეძლებისდაგვარად, დიდი მოგების მისაღწევად, რაც ჩვეულებრივი ამბავი იქნებოდა ნებისმიერი სხვა ინვესტორისთვის, მაგრამ ვინაიდან ჩვენი ოჯახს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ფართო ჭრილში დაინახოს გარკვეული პრობლემები და აქვს სურვილი, დაეხმაროს ქვეყანას მათ გადაჭრაში, თავს უფლებას ვაძლევთ ამოცანები ამ ჭრილში დავინახოთ და დავგეგმოთ. ანალოგიური მოდელია ჩადებული აბასთუმნის და წყალტუბოს განვითარების პროექტებშიც. რაც შეეხება განმუხურს, კარგია რომ გაიხსენეთ, ვფიქრობ, ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი ხვდება ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარედ დაგეგმილი ამ პროექტის სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას და რომ ამ პროექტს ბიზნესთან შესაძლოა საერთოდ არ ჰქონდეს შეხება.

 

– ეს მოდელი პრაქტიკულად ტურიზმის სექტორის სუბსიდირებად შეიძლება შეფასდეს და მართლაც საქველმოქმედო ხასიათისაა.

 

- კი, ბატონო, შეიძლება ასეც შეფასდეს….

 

– თუმცა, მაინც რჩება კითხვა ბანკ „ქართუს“ შესახებ. თუ „ტურიზმის განვითარების ფონდის“ პროექტები საქველმოქმედო ხასიათისაა და საზოგადო პრობლემების გადაჭრას, ახალი შესაძლებლობების გაჩენასა და ქვეყნის ინკლუზიურ ეკონომიკურ განვითარებას უფრო ისახავს მიზნად, ვიდრე სწრაფი მოგების მიღებას, რას იტყვით თქვენ საბანკო კომერციულ საქმიანობაზე? 

 

- არაერთხელ მითქვამს, რომ საქართველოში არასოდეს მიწარმოებია ბიზნესი კლასიკური გაგებით  – ბიზნესი მოგებისთვის. ერთადერთი კომერციული ორგანიზაცია ბანკი „ქართუა“ და მასაც სხვა დატვირთვა ჰქონდა შექმნის დღიდან. ეს იყო პირველი საინვესტიციო ბანკი და მის მიმართაც ანალოგიური დამოკიდებულება მქონდა – დავაარსე, რომ ქვეყანას დავხმარებოდი, რადგან მაშინ საქართველოში ძალიან სუსტი საბანკო სისტემა იყო და ამ სისტემას დახმარება სჭირდებოდა.

 

ისევე, როგორც ჩემი საქმიანობის სხვა სფეროებში, არც „ქართუ“ ბანკს  უწარმოებია აგრესიული ბიზნესი, რაც, ზოგადად, საბანკო სექტორისთვისაა დამახასიათებელი, განსაკუთრებით კი, ბაზარზე შემოსული ახალი მოთამაშეებისთვის. „ქართუს“ ხელი არავისთვის შეუშლია. პირიქით, როცა „აბსოლუტ ბანკი“ გაკოტრდა და არსებობდა რისკი, რომ ეს მთელ საბანკო სისტემაზე ნეგატიურად აისახებოდა,  სრულიად უხმაუროდ შევისყიდე ეს ბანკი და მისი უიმედო ვალდებულებები „ქართუმ“ გადმოიბარა. „ქართუს“, სხვა ქართული ბანკებისგან განსხვავებით, არასოდეს ჰქონია  ჭარბი  მოგება.

 

„ქართუს“ გაყიდვასაც 3 წელიწადია ვცდილობ და ერთადერთი პირობა მაქვს – ბანკი არ უნდა დაიხუროს, ბაზარზე არსებულმა ორმა მძლავრმა მოთამაშემ არ შთანთქას იგი და უნდა იარსებოს მესამე – ძლიერმა ბანკმა. სწორედ ამიტომ ვთქვი უარი „ქართუს“ გაყიდვაზე მოგებით და მზად ვარ, ბანკი ნომინალურ ფასად, ანუ იმ ფასად გავყიდო, რაც  თავდაპირველად შევიტანე კაპიტალში. „ლიბერთი ბანკმა“ გამოთქვა შეთავაზებული პირობით „ქართუს“ ყიდვის ინტერესი, რაც მისასალმებელია. ეს კარგი იქნება საბანკო სისტემისთვის, რადგან მესამე, მძლავრი ბანკი ქვეყანას სჭირდება.

 

– წყალტუბოს თემას კვლავ მინდა დავუბრუნდეთ. თქვენ ინიციატივას ბევრი კითხვა მოჰყვა  – როგორ და რა პირობით აპირებთ, შეიძინოთ წყალტუბოში არსებული სასტუმროები? თქვენ მიერ დასახელებული 22 სასტუმროდან, როგორც ირკვევა, მხოლოდ 15 სასტუმროა სახელმწიფოს ბალანსზე. როგორ აპირებთ კერძო მესაკუთრეებისგან დარჩენილი 7 სასტუმროს გამოსყიდვას? ზოგადად, თანამშრომლობის რა მოდელს სთავაზობთ ბიზნესს?

 

- წყალტუბოს პროექტის ინიცირება დიდწილად აბასთუმნის დადებითმა გამოცდილებამ განაპირობა. შეიძლება ითქვას, აბასთუმნის მაგალითმა გამათამამა და გადამაწყვეტინა, იგივე ტიპის, თუმცა კიდევ უფრო მასშტაბური პროექტის განხორციელება.

 

როგორც უკვე განვაცხადე, აბასთუმანში მხოლოდ ერთ სასტუმროს – „პარაგრაფს“  ვაშენებ. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, სახელმწიფოსაც ვეხმარები დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში. ყველაზე მძიმე იქ ტუბერკულიოზის საავადმყოფოს პრობლემა იყო. უმძიმესი ავარიული ვითარება და უკიდურესი ანტისანიტარიის კერა, სადაც კედლების ღიობები ლეიბებით იყო ამოქოლილი, გამორიცხავდა რომელიმე კერძო ინვესტორის შესვლას. ამიტომ, პირველი რიგში ამ პრობლემას მივხედე. ძალიან სწრაფად, ერთ წელიწადში ავაშენეთ ახალი საავადმყოფო. მის ადგილზე კი, იმ ძეგლის აღდგენას ვგეგმავ, რომელიც ადგილობრივების გადმოცემით, აქ წლების წინ იყო განთავსებული.

 

– მახსოვს, სახელმწიფო ცდილობდა რამენაირად გამკლავებოდა ამ  პრობლემას. იმდენად მძიმე სიტუაცია იყო, რომ თუ ვინმე გამოჩნდებოდა და მაგიერ საავადმყოფოს ააშენებდა, სახელმწიფო მზად იყო ძველი საავადმყოფოს ტერიტორია უსასყიდლოდ გადაეცა მისთვის, მაგრამ ინვესტორი არ გამოჩნდა, რადგან ეს პირობაც სარისკოდ იქნა მიჩნეული. თქვენ არ ისარგებლეთ ამ შეღავათით, მაგიერი საავადმყოფოც ააშენეთ და მიწაშიც საბაზრო ფასი, 3 მილიონ 485 ათასი ლარი გადაიხადეთ.

 

- ჩვენი ოჯახის მიდგომა უცვლელია – როცა რესურსი გაქვს, სახელმწიფოს უნდა დაეხმარო და არა შეღავათებით ისარგებლო. ის, რაც სხვა ბიზნესმენისთვის ნორმალური იქნებოდა, ჩვენს შემთხვევაში დაუშვებლად მივიჩნიეთ – ფული ბიუჯეტში შევიდა და სახალხო საქმეს მოხმარდება.

 

– დავუბრუნდეთ წყალტუბოს და აბასთუმნის ანალოგიას….

 

- როგორც ხედავთ, ჩემს გააქტიურებას პოზიტიურად გამოეხმაურა ქართული ბიზნესი და იქ დღეს „პარაგრაფთან“ ერთად 5 ახალი მაღალი დონის სასტუმრო შენდება: „რუმსი“, „რედისონი“, „ქრაუნპლაზა“, „რედიქს ჯგუფის“ ორი სასტუმრო. ასევე შენდება  საშუალო და პატარა ზომის რვა სასტუმრო და საცხოვრებელ აპარტამენტები. უკვე დაიწყო უნიკალური აბანოების აღდგენა, შენდება კაფეები, რესტორნები და სავაჭრო ობიექტები. აბასთუმნის ჯამურმა ინვესტიციამ  მილიარდნახევარ ლარს მიაღწია.

 

1 წელი სავარაუდოდ გაგრძელდება მშენებლობის ეს ბუმი. ამასობაში, ინფრასტრუქტურაც სრულად მოწესრიგდება. მე დავპირდი ადგილობრივ მოსახლეობას, რომ შევიძენ და დავურიგებ ელექტრომანქანებს. მუნიციპალური სერვისებისთვისაც კი, ელექტრომანქანებს გამოვიყენებთ. ეს პროცესი  2021 წელს დასრულდება.

 

ეს გახლავთ ის მოდელი, რომელიც ძალიან წარმატებული აღმოჩნდა აბასთუმანში. სწორად დაგეგმილმა და დაწყებულმა პროცესმა დიდი ბიძგი მისცა ახალ, კერძო ინვესტიციებს, რომლითაც ყველა მხარე, რაც მთავარია, ადგილობრივი მოსახლეობა, მოგებული რჩება. სწორედ ამ პოზიტიურმა გამოცდილებამ გამათამამა წყალტუბოს პროექტზე და, დარწმუნებული ვარ, აქაც აღმშენებლობის ძალიან სერიოზული პროცესი დაიწყება.

 

რაც შეეხება თქვენ შეკითხვას წყალტუბოს ობიექტების გამოსყიდვის შესახებ, რა თქმა უნდა, სასტუმროები ღია აუქციონზე, მკაცრი საინვესტიციო პირობებით  გაიყიდება. მხოლოდ ორი მთავარი მოთხოვნა და თხოვნა მექნება – ეს არის ვადები, რომ მაქსიმუმ 3 წელიწადში ობიექტი უნდა დასრულდეს და რეაბილიტაცია არსებული კულტურულ-ისტორიული იერსახის შენარჩუნებით განხორციელდეს.

 

მალე უნდა გამოცხადდეს საინვესტიციო პაკეტი. სწორი იქნება და უნდა შევეცადოთ, რომ ცალ-ცალკე გამოვიდეს ობიექტები, რათა ვისაც რა უნდა, ის შეიძინოს.

 

იქნება ტენდერი თუ აუქციონი, ამას სახელმწიფო განსაზღვრავს, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს და, რა თქმა უნდა, მეც და ყველა დაინტერესებული პირი მას დავემორჩილებით.

 

წინასწარ ვამბობ და ვეუბნები ბიზნესსაც, რომ ეს იქნება ყველასთვის ძალიან საინტერესო და მომგებიანი საქმე, რადგან ეს სასტუმროები 12 თვის განმავლობაში იქნება დატვირთული.

 

ამ პროცესში, მე ვფიქრობ, რომ შეიძლება ყველა სასტუმრო გაიყიდოს სხვა კერძო ინვესტორებზე, და პრაქტიკულად მე აღარცერთი სასტუმროს შეძენა არ მომიწიოს.

 

რაც არ გაიყიდება, მე ვარ მყიდველიც და გამკეთებელიც – 3 წელიწადში!

 

მოკლედ რომ ჩამოვაყალიბო ჩემი როლი ამ პროექტში, მე ვარ ერთგვარი გარანტორი და დამზღვევი, რომ წყალტუბოს აღორძინების პროექტი აუცილებლად განხორციელდება. მოდელი ასეთია – რაც არ გაიყიდება, იმას შევიძენ. ვფიქრობ, მშენებლობის პროცესშიც  მოხდება დაინტერესება ბიზნესის მხრიდან. როგორც წერილში განვაცხადე, მზად ვარ, ნებისმიერ ეტაპზე, იქნება ეს დაგეგმარება, პროექტირება, მშენებლობა თუ დასრულების შემდეგ, ექსპლუატაციაში ჩაშვება, გავასხვისო ეს ობიექტები ნებისმიერ ინვესტორზე, რათა შემდგომში მან გააგრძელოს წარმატებული ოპერირება. მაქსიმალური ფასი მხოლოდ პროექტზე დახარჯული თანხა იქნება.

 

ამავე პროცესშიც დავეხმარები იმ ბიზნესსაც, ვინც უკვე ფლობს იქ სასტუმროებს და არ მოისურვებს გაყიდვას – მთავარია, მათ ხარისხი დავიჭიროთ მაღალი, ამას კი დამატებითი ინვესტიციები დასჭირდება. ზოგს შეიძლება, „თანაინვესტირების ფონდის“ საშუალებით დავეხმარო, ზოგს იაფი რესურსის მოძიებით, ან სხვა სახით, როგორც ბიზნესს დაჭირდება.

 

თუ ასე არ მოხდა და ბიზნესმა ამ ეტაპზე მაინც თავი შეიკავა, ყველას ობიექტს მე შევიძენ და დავასრულებ.

 

რაც მთავარია, მე ზოგადი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში მივეხმარები სახელმწიფოს. რასაც თავად ვერ გაწვდება, ჩემი ხარჯებით დავაფინანსებ.

 

იქ მთელი ინფრასტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს, წყლის რესურსის სწორი გამოყენებით, ერთიანი სპა სისტემის შექმნით. ერთი და ორი სასტუმროს გაკეთებას აზრი არ აქვს, ყველაფერი უნდა მოხდეს კომპლექსურად, ერთიანი გეგმის ფარგლებში.

 

როცა ბიზნესი დაინახავს, რომ ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგდა და 3 წელიწადში შეიძლება სერიოზული შემოსავლები მიიღოს, საქართველოში არის ძალიან ბევრი ნიჭიერი ბიზნესმენი და დარწმუნებული ვარ, მათი მხრიდან უზარმაზარი ინტერესი იქნება. ზუსტად ისე, როგორც ეს მოხდა აბასთუმანში.

 

რაც შეეხება ოპონენტების საყვარელ ფრაზას, რომ ყველაფერი ივანიშვილმა იყიდა, მინდა გავაწბილო ისინი – ყველა დაინახავს, რომ 3 წელიწადში არც ერთი სასტუმრო არ იქნება ჩემს საკუთრებაში, ამ პროექტიდან სარგებელს კი, ათასობით ადამიანი ნახავს.

 

მთავარია, პროცესზე დაწესდეს მუდმივი მონიტორინგი. ერთიანი კონცეფციის ფარგლებში გაწერილი საინვესტიციო ვალდებულებები, შენობების არქიტექტურული და კულტურული ღირებულების შენარჩუნების პირობები და ობიექტების დასრულების ვადები მკაცრად დაცული უნდა იყოს.

 

– ზემოთ გასართობი და საექსკურსიო ინფრასტრუქტურა ახსენეთ ტურიზმთან დაკავშირებით. ჩვენმა მკითხველმა იცის, რომ რეგიონში ამ მიმართულებით ძალიან სერიოზული საქველმოქმედო პროექტები გაქვთ განხორციელებული – „ბლექ სი არენა“, ატრაქციონების პარკი, მუსიკალური და მინიატურული პარკები, რომლებიც ორას მილიონ დოლარზე მეტი დაგიჯდათ ჯამურად და უსასყიდლოდ გადაეცით სახელმწიფოს. არ შეიძლებოდა, დავუშვათ, „პარაგრაფიც“ და სხვა ტურისტული პროექტებიც საქველმოქმედო მოდელით განგეხორციელებინათ?

 

- არა და გეტყვით – რატომ. ამას ორი მიზეზი აქვს.

 

პირველი – სასტუმრომ, რომელიც ადრე თუ გვიან გაიყიდება, თუნდაც ნახევარზე ნაკლებ ფასად (მე ამისთვისაც მზად ვარ), ახალი მფლობელის ხელში ნორმალური ბიზნეს მოდელით უნდა განაგრძოს ფუნქციონირება – სხვანაირად ის, უბრალოდ, ვერც ხარისხს შეინარჩუნებს და ვერც განვითარდება. მე წინასწარ ვიყავი მზად იმისთვის, რომ ჩვეულებრივი, ყოფითი გაგებით, „ფული დამეკარგა“. თუ რატომ ვიყავი მზად, ამას თქვენს კითხვაზე პასუხის მეორე ნაწილში გავშლი ცოტა უფრო დეტალურად. „პარაგრაფმა“ უკვე შეასრულა თავისი ფუნქცია, „ბლექ სი არენასთან“ და თქვენს მიერ დასახელებულ პროექტებთან ერთად, შექმნა ხარისხი, ჩვენი ზღვის სანაპირო გახადა კონკურენტუნარიანი და მძლავრი იმპულსი მისცა რეგიონში სხვა, მომიჯნავე ბიზნესების განვითარებას. იგივე მიზანს ემსახურება ყველა სხვა პროექტი, რომლებსაც ჩვენი ოჯახი „ტურიზმის განვითარების ფონდის“ ფარგლებში ახორციელებს და იგივე ალგორითმით მოხდება მათი პროექტირება, ექსპლუატაციაში ჩაშვება და გასხვისებაც: ჩაიდება იმდენი ინვესტიცია, რაც საჭიროა იმ ზოგადეკონომიკური თუ სახელმწიფოებრივი ამოცანების გადასაჭრელად, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ და გასხვისდება იმ ფასად, რასაც ბაზარი და ეკონომიკა შემოგვთავაზებს. ეს ფასი რიგ შემთხვევაში, შესაძლოა ინვესტიციის რელევანტური იყოს, ხოლო რიგ შემთხვევაში – მასზე გაცილებით ნაკლები.

 

ამავე მოდელით შენდება ჩემთვის  ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი „პანორამა თბილისი“.

 

ამ პროექტს ყველაზე მეტი არაჯანსაღი და აბსურდული ხმაური მოყვა.

 

სინამდვილეში, როგორც „პარაგრაფი“, მის გარშემო არსებული ინფრასტრუქტურით გახდა ჩვენი ზღვისპირების სავიზიტო ბარათი, ასეთივე განსაკურებული სავიზიტო ბარათი იქნება „პანორამა“ თბილისისთვის.

 

დარწმუნებული ვარ, როგორც „პარაგრაფმა“, მოიპოვა ევროპაში პირველი ადგილი, მსოფლიოში სასტუმროების უდიდეს ქსელ „მერიოტებს“ შორის, „პანორამა“ მსოფლიოს მასშტაბით მოიპოვებს გამორჩეულ ადგილს თავისი ექსკლუზიურებით.

 

„პანორამა“ სამ, განსხვავებული უპირატესობების მქონე, უნიკალურ სასტუმროს ერთიანებს:

 

პირველი – ქალაქის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე, მაღალი რანგის და მაღალშემოსავლიან სტუმრებზეა გათვლილი. გახსოვთ ალბათ, ყოფილი ცეკავშირის, წლების განმავლობაში მიტოვებული და დაცარიელებული შენობა, რომელზეც  ყველაზე მეტი ხმაური იყო.

 

დეტალებში არ შევალ, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ, ძალიან მოკლე დროში ავაშენეთ  თანამედროვე და გამორჩეული სასტუმრო.

 

მეორე სასტუმრო – სრულად საქმიან ტურიზმზე იქნება ორიენტირებული. აქ განთავსდება ძალიან დიდი მასშტაბის თანამედროვე საკონფერენციო დარბაზები, რომლის მსგავსიც კი არ არსებობს დღეს ჩვენს ქვეყანაში.

 

აქვე გავიხსენებ, რამდენიმე წლის წინ EBRD-ის წლიურ კონფერენციაზე თბილისს 3 ათასამდე მაღალი რანგის სტუმარი ეწვია.  დარბაზი არ არსებობდა და სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის დადგეს ე.წ. ერთჯერადი სივრცეები, რომ ასეთი მნიშვნელობის ღონისძიება არ ჩაშლილიყო.

 

„პანორამის“ ამ  მეორე სასტუმროთი, ჩვენ ქვეყანას ეს პრობლემა მთლიანად ეხსნება და ახალ შესაძლებლობებს აჩენს –  ნებისმიერი მაღალი დონის და მასშტაბის კონფერენციის თუ შეხვედრის მასპინძლობის საშუალებას მოგვცემს ეს სასტუმრო.

 

ზოგადად, საკონფერენციო სივრცეების აშენება ყველაზე ნაკლებად რენტაბელურია, ყველაზე დაბალია მოგება და ამიტომ, ბიზნესიც, ორდინარულ ვითარებაში, ამაზე აქცენტს არ აკეთებს, ასეთი მასშტაბის სივრცეებს არ აშენებს.

 

მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს ქვეყანას სჭირდება?!

 

ჩვენ დღეს პრეტენზია გავქვს, რომ ვართ ტურისტული ქვეყანა და კიდევ უფრო უნდა განვვითარდეთ. როგორ უნდა წავიდეთ წინ? სწორედ ასე – შევთავაზოთ მაღალი ხარისხი, ძვირფასი ინფრასტრუქტურა, რომ მოვიზიდოთ მაღალგადამხდელუნარიანი ტურისტები, გავხდეთ საქმიანი ტურიზმის ცენტრი, ჩვენთან ჩატარდეს მაღალი დონის კონფერენციები და დიდი ღონისძიებები – ესაა ჩვენი ინტერესი – ამასაც ემსახურება „პანორამის“ პროექტი.

 

ექსკლუზიურად გეტყვით, რომ ამ სასტუმროშიც განთავსდება უნიკალური აკვარიუმი, რაც ასევე დამატებით ხიბლს შეძენს მას.

 

და „პანორამის“ მესამე სასტუმრო – თაბორის მთაზე, რომელსაც ასევე ხმაური მოჰყვა. მისი ექსკლუზიურობა იქნება გოლფის უნიკალური მოედნები, რაც ასევე მაღალი შემოსავლების სტუმრებზეა გათვლილი.

 

ხმაურის საპასუხოდ კი, მინდა ვთქვა, რომ იქ ათჯერ მეტი ხე დაირგვება, ვიდრე პროექტამდე იყო. მანამდე კი, იქ არსებული მწვანე საფარის დიდი ნაწილი უკვე დაავადებული გახლდათ, რასაც ასევე შველა სჭირდებოდა.

 

როგორც უკვე აღვნიშნე, „პანორამის“ ეს სამი, სხვადასხვა ექსკლუზიურობის  სასტუმრო, ერმანეთთან საბაგიროებით იქნებ დაკავშირებული – ესეც განსხვავებულ ხიბლს ძენს პროექტს.

 

იმთავითვე გასაგებია, რომ ეს პროექტიც ვერ იქნება რენტაბელური მის თვითღირებულებასთან შედარებით. ამიტომ აქაც იგივე მიდგომა მაქვს: თუკი არსებული კონცეფციით და გეგმით ააშენებენ, მე მზად ვარ ნებისმიერ ეტაპზე გადავცე დაინტერესებულ ბიზნესმენს პროექტი. სავარაუდოდ, 10-დან 30 პროცენტამდე ფასდაკლების შეთავაზება მომიწევს გაყიდვის შემთხვევაში. რასაც ვამბობ წყალტუბოზე, იმავე პრინციპს ვაცხადებ „პანორამაზე“.

 

ჩვენი ინტერესი კი ერთია – თბილისს ჰქონდეს ახალი სავიზიტო ბარათი – მსოფლიოში უპრეცედენტო და ექსკლუზიური პროექტი, რომელიც მას დამატებით გრძელვადიან ფუნქციას შესძენს – განავითარებს ჩვენ დედაქალაქში საქმიან ტურიზმს და მთელი ქალაქზე აისახება.

 

- გასხვისების მიზანი მაინც ვერ დავინახე, რა გიშლით ხელს მართოთ ტურისტული ობიექტები ხანგრძლივი ვადით და გარანტირებულ წაგებაზე არ წახვიდეთ – შეიძლება ბაზრის კონიუნქტურა შეიცვალოს და ადეკვატური ფასი შემოგთავაზოთ ბაზარმა ან სულაც, ძალიან გრძელ ვადაში შესაძლებელი გახდეს ინვესტიციის ამოღება.

 

- ზოგადად, რასაკვირველია, მართალი ხართ, მაგრამ ახლა მივადექით თქვენს წინა კითხვაზე პასუხის მეორე ნაწილს. საქმე იმაშია, მე ადრეც არაერთხელ მაქვს გაცხადებული  და ახლაც ვადასტურებ, რომ ვაპირებ ჩემი ქონების არანაკლებ 90% საზოგადო საქმეს ანუ ქველმოქმედებას მოვახმარო. სხვათა შორის, ეს განაცხადი, როგორც ჩანს, არ მოეწონათ სიცრუეზე და ცილისწამებაზე ორიენტირებულ ოპონენტებს და ყველანაირად ეცადნენ, მიეჩქმალათ იგი. სწორედ ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მე მირჩევნია, თუნდაც საგრძნობი დანაკარგით დავიბრუნო ინვესტიციის ნაწილი, რომელმაც კატალიზატორის როლი უკვე შეასრულა და დროულად წარვმართო ეს სახსრები ფართო, საზოგადო მნიშვნელობის ამოცანებზე, ვიდრე ერთ პროექტში ხანგრძლივად ჩავტოვო ეს რესურსი. თუმცა, არც იმის ილუზია მაქვს, რომ ასეთი ინვესტიციატევადი ანუ ძვირი პროექტების შეძენის სურვილი ბევრს გაუჩნდება და, შესაძლოა, მათი მართვა დიდხანს მომიწიოს, მაგრამ პრინციპი არ იცვლება – ნებისმიერი შემოსავალი ამ ობიექტებიდან, ექსპლუატაციის პროცესშიც იმავე პროპორციით დაიხარჯება, როგორც გაყიდვის შემთხვევაში – 90/10-ზე. სხვათა შორის, ოპონენტებს შეუძლიათ ქმედითი მონიტორინგი დააწესონ ამ პირობის შესრულებაზე, მაგრამ ხომ ცხადია, რომ ამას არ იზამენ – ისინი ხომ ფაქტებს და სიმართლეს ვერ უმკლავდებიან, ამიტომ ვვარაუდობ, რომ ისევ სიყალბის და ცილისწამების მეთოდს აირჩევენ ოპონირებისთვის.

 

– ბატონო ბიძინა, ბერას მიერ ამაზონის ტყის დასახმარებლად გაღებულმა შემოწირულობამ გარკვეულ წრეებში უარყოფითი აჟიოტაჟი გამოიწვია. რას ფიქრობთ ამაზე?

 

- ვფიქრობ, კომენტარის ღირსიც კი არ არის ის, რაც ბერას აბსოლუტურად გულწრფელ ნაბიჯს მოჰყვა. ეს ყველაფერი სიკეთის და ბოროტების მიღმაა და მათ დონეზე დასვლა იქნება, განსაკუთრებული ყურადღება რომ მივაპყროთ მათ არაჯანსაღ რეაქციას. თუმცა, ისე გაერთნენ ნეგატივში, რომ გადაწვდნენ თბილისის სტიქიის ლიკვიდაციის თემას, რაშიც ისევ ისე შეირცხვინეს თავი, როგორც ყველაფერ დანარჩენში – ჩვენმა ხალხმა იცის, რა და როგორ იყო. ეს არ იკმარეს და ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის პრობლემა წამოწიეს, თითქოს ყურადღება დავაკელი ამ პრობლემას. სინამდვილეში, ხანძრის შედეგად დაზიანებული ტყის აღდგენის, ანუ ახალი განაშენიანების პროცესში არათუ ჩართვის, მთლიანად საკუთარ თავზე აღების მზაობა პირველი დღეებიდანვე გამოვხატე. თუმცა ამის აფიშირება არ მომიხდენია, რადგან არ არის ეს ჩემი სტილი და ხელწერა. არის ასეთი მაგარი კაცი – თემურ ტყემალაძე – ჩვენი ბუნების ნამდვილი ამაგდარი, უმაღლესი დონის სპეციალისტი და ჩემი დიდი ხნის მეგობარი. სამი წლის განმავლობაში ერთად ვაკვირდებოდით მე და თემური, რა და როგორ ვითარდებოდა, შეძლებდა თუ არა ბუნება საკუთარი ძალებით მორეოდა ხანძრის შედეგებს. თემური რეგულარულად ახორციელებდა საკონტროლო შემოფრენებს ჩემი ვერტმფრენით. ბოლო შემოფრენის შემდეგ მომახარა, რომ ჩარევა არ იყო საჭირო და ბუნებამ საკუთარი ძალებით დაიწყო აღდგენა. თემურის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან დაამუშავა და შემომთავაზა მთაწმინდის ფერდის გამწვანების უნიკალური პროექტი, რომელზეც ცოტა დეტალურად მინდა შევჩერდე.

 

გასული საუკუნის 40-60-იან წლებში თბილისის ფერდობების – მთაწმინდიდან – კუს ტბამდე – გამწვანებისთვის უზარმაზარი სამუშაო ჩატარდა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში დაირგო ბევრი უცხო, შემოტანილი სახეობა, მაგალითად ტუია, კვიპაროსი, ასევე შავი ფიჭვი, რომელსაც  მისთვის უჩვეულო კლიმატურ პირობებში და კლდოვან ნიადაგზე შეუმცირდა სიცოცხლის ხანგრძლივობა, გაუჩნდა დაავადებები. ამიტომაც მთაწმინდის ფერდი გახუნებულია და გადამწვარივით გამოიყურება. ჩვენ მოვახდენთ მთელ ფერდობზე გამხმარ და დაავადებულ მცენარეთა ჩანაცვლებას კავკასიისთვის დამახასიათებელი სახეობებით – მინდვრისა და მთის ნეკერჩხლებით,  კავკასიური ფიჭვით, საკმლის ხით,  მუხით, აკაკითა და იფანით, ხოლო მთის თხემზე მოეწყობა ბილიკები და მოსასვენებელი ადგილები. ბილიკის გასწვრივ დაირგვება ლიბანის, ატლასისა და ჰიმალაის კედრები, რომლებიც სიცოცხლის დიდი ხანგრძლივობით გამოირჩევიან. დაირგვება ათასობით მოყვავილე იასამანი, ნუში და წითელი ტყემალი, რაც ვიზუალურად  ძალიან გააცოცხლებს თბილისის  ხედებს და მის ეკოლოგიას. ვფიქრობ პროექტი ისტორიულია და ძალიან პოზიტიურ რეზონანს გამოიწვევს თბილისელებში. პროექტი ისე დაგეგმა თემურმა, რომ შესაძლებლობა იქნება, ყველა სეზონზე სხვადასხვა ფერებში გაიშალოს ჩვენი მთა-წმინდა.

 

–  რა მასშტაბის პროექტზე საუბარი?

 

- ტერიტორია, სოლოლაკიდან კუს ტბამდე, დაახლოებით 400 ჰექტარია, ხოლო პროექტის სავარაუდო ღირებულება 12-15 მილიონი ლარი იქნება. ამასთან ერთად, მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ თაბორის მთის პროექტის ფარგლებში, უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში მუდმივად ირგვებოდა ახალი ხეები, თუმცა, როგორც ჩანს,  ჯიშები არ იყო სწორად შერჩეული და ეს პროცესი მთლად წარმატებული ვერ გამოდგა. თუმცა, დიდი იმედი მაქვს, რომ თემურთან ერთად მის უნიკალურ პროექტს წარმატებით დავასრულებთ და ძლიან კარგ საჩუქარს გავუკეთებთ თბილისელებს.

 

ნამდვილად არ ვგრძნობ თავს კომფორტულად, როცა წინასწარ მიწევს სამომავლო პროექტებზე საუბარი. საქმემან შენმან გამოგაჩინოსო, ნათქვამია და ამ პრინციპს მივდევდი ყოველთვის, მაგრამ ცხოვრებამ აქაც თავის კორექტივი შეიტანა. ისე დახელოვნდნენ ოპონენტები თეთრის შავად, სიკეთის ბოროტებად, შენების ნგრევად წარმოჩენაში, რომ მიწევს წინასწარ დავაანონსო გარკვეული პროექტები, მათ შორის წყალტუბოც, რათა საზოგადოებამდე თავიდანვე სწორი და პირუთვნელი ინფორმაცია მივიდეს.

 

– და ბოლოს, მინდა გთხოვოთ და პირობა ჩამოგართვათ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენი ჟურნალის ეგიდით მოვაწყოთ ცოცხალი შეხვედრა ახლგაზრდა და საინტერესო ქართველ ანტრეპრენერებთან და სტარტაპერებთან თქვენი მონაწილეობით. მერწმუნეთ, ძალიან საინტერესო ხალხია და მათთვის ფასდაუდებელი იქნება თქვენი ბიზნეს და ცხოვრებისეული გამოცდილების გაზიარება. საქართველო მდიდარია შემოქმედებითი, ახლის შექმნაზე ორიენტირებული პროგრესული ადამიანებით, რომლებიც ნებისმიერ ასაკში მოწადინებულნი არიან, ისწავლონ და განვითარდნენ, უარი არ თქვან ახალ გამოწვევებსა და ახალ აღმოჩენებზე. ვფიქრობ, თქვენთვისაც საინტერესო იქნება, გაიგოთ რით სუნთქავს და რა მისწრაფებები აქვს ახალი თაობის ბიზნესს. შესაძლოა, ეს შეხვედრა გასვლითი იყოს და ადგილზე – წყალტუბოში, აბასთუმანსა თუ შეკვეთილში შედგეს საუბარი თქვენსა და ახალგაზრდა ქართველ ანტრეპრენერებს შორის.

 

- დიდი სიამოვნებით! გიდასტურებთ მზადყოფნას შეხვედრისთვის. დიდი სიამოვნებით გავიცნობ ახალი თაობის ბიზნეს ლიდერებს, ვინც უნდა შექმნას ხვალინდელი საქართველოს ძლიერი და კონკურენტული ეკონომიკა. მზად ვარ, გავუზიარო ჩემი გამოცდილება და მხარი დავუჭირო განვითარებაში.

 

 

 

P.S. და ბოლოს, ბიძინა ივანიშვილის თხოვნით, ვაქვეყნებთ მის კონკრეტულ შეთავაზებას ბიზნესისადმი, რომლებზეც ინტერვიუში დეტალურად აღარ ისაუბრა.

 

იგი მზადაა, 60 მილიონ დოლარად გაასხვისოს სასტუმრო „პარაგრაფი“, რომელშიც უკვე ინვესტირებულია 120 მილიონ დოლარზე მეტი, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მილიონი დოლარის ინვესტირებას დამატებით  გეგმავს იმ ექსკლუზივებში, რაზეც ინტერვიუში ნაწილობრივ ისაუბრა.

 

იმავდროულად, თუ მყიდველი აუდიტის შედეგად აღმოაჩენს, რომ სასტუმროში ინვესტირებული 120 მილიონიდან რომელიმე ხარჯი დაუსაბუთებელი, არამიზნობრივი ან ხელოვნურად გაზრდილია, ბიძინა ივანიშვილის მზადაა, ეს თანხაც დააკლოს ნომინალურ ფასს, ანუ 60 მილიონს.

 

რაც შეეხება „პანორამა თბილისის“ პროექტს, მისი შეძენა შესაძლებელი იქნება 10-დან 30 პროცენტამდე ფასდაკლებით და მასზეც გავრცელდება ის პირობა, რაც „პარაგრაფის“ შემთხვევაში ითქვა – გაწეული ხარჯების მკაცრი აუდიტი.

 

გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილი მზადაა, თვითღირებულებით ან გარკვეული ფასდაკლებით გაასხვისოს „ტურიზმის განვითარების ფონდის“ მიერ  მშენებარე რვავე სასტუმრო ერთადერთი პირობით – მათი მშენებლობა და ექსპლუატაციაში გაშვება დროში არ უნდა შეფერხდეს (მაქსიმალური ვადა – 2 წელი) და დამტკიცებული პროექტები შეთანხმების გარეშე არ უნდა შეიცვალოს.

 

ავტორი: გიორგი შარაშიძე.

 

წყარო: https://www.entrepreneur.com/article/341769

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner