ავტორი ანა ნონიკაშვილი
„ახალგაზრდული ცენტრის" ლიდერმა ზურაბ ქადაგიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილის ჟურნალისტებთან შეხვედრასთან დაკავშირებით ისაუბრა. ქადაგიძის განცხადებით, დადებითი ფაქტია, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას გაახსენა „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობა, რომელმაც გამოიწვია ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვა. ასევე ქადაგიძემ აღნიშნა, რომ არავინ იცის, საქართველო რა მდგომარეობაში იქნებოდა, ივანიშვილი პოლიტიკაში რომ არ გამოჩენილიყო.
„ბიძინა ივანიშვილმა აქცენტი გააკეთა, რატომ მოუხდა პოლიტიკაში ჩართვა. კარგია, რომ საზოგადოებას გაახსენა, რომ მიხეილ სააკშვილს თითქმის ყველა ოპოზიციური ძალა ჯიბეში ჰყავდა ჩასმული, ათამაშებდა, როგორც უნდოდა, ევაჭრებოდა მათ და ინერციით მივდიოდით, რომ საქართველო მუდამ „ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმში უნდა ყოფილიყო. თითქოსდა მათი პირადი საკუთრება იყო ეს ქვეყანა. მაშინ მოუხდა ბიძინა ივანიშვილს ასპარეზზე გამოსვლა, რაც იყო დროული და საჭირო. აუცილებელია, არ დაგვავიწყდეს - რომ არა ბიძინა ივანიშვილი, არ ვიცით, დღეს ჩვენ სად ვიქნებოდით. „ნაციონალური მოძრაობა" იბრალებს, რომ 2012 წელს ჩაატარა დემოკრატიული არჩევნები, ეს ასე არ არის, მას ჩაატარებინეს ბიძინა ივანიშვილის ფაქტორმა, ქართველმა და საერთაშორისო საზოგადოებამ",- განაცხადა ქადაგიძემ.