logo_geo
eng_logo
1917 წლის 10 ოქტომბერს აკადემიკოსი ირაკლი ჭუმბურიძე დაიბადა
- +

10 ოქტომბერი. 2019. 17:35

 

 

 

„...სადღაც სიღრმეში, თქვენი გულმკერდის ღრუში, განუწყვეტლივ იკუმშება და ფართოვდება მუჭისოდენა კუნთოვანი ორგანო - თქვენი გული, რომელიც - უსიამოვნო ლაპარაკის ან მოულოდნელი სიხარულისას - უცნაურად აფრიალდება ხოლმე.“

 

ეს სიტყვები დღევანდელ იუბილარს და ჩემს უსაყვარლეს მამამთილს ეკუთვნის. მახსოვს, როგორ დაგვსვამდა ხოლმე მე და ჩემს ირაკლის და როგორ გვიყვებოდა ცხოვრებისეულ თავგადასავლებს, მერე ფოტო და ისტორიული მასალების არქივთან მიგვიყვანდა, იცოდეთ, მისახედია და მე რომ არ ვიქნები, თქვენ მიხედეთო, გვეუბნებოდა, თან ირაკლის გადახედავდა, თვალები უბრწყინავდა, მასზე ამყარებდა იმედებს, მას შეჰხაროდა, „საქმის“ გამგრძელებელს ხედავდა მასში... ძალიან მაგარი კაცი იყო ჩემი მამამთილი, უზომოდ საინტერესო და დიდი პიროვნება, ბრწყინვალე ორატორი და მთხრობელი... ყველაფერი კი ასე დაიწყო:

 

1917 წლის 10 ოქტომბერს ქუთაისში დაიბადა მომავალში ცნობილი ქართველი კარდიოლოგი, მრავალი ჯილდოს, პრემიისა და ორდენის მფლობელი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, აკადემიკოსი ირაკლი ჭუმბურიძე, რომელიც 1961 წლიდან, აკადემიკოს ნოდარ ყიფშიძესთან ერთად, 40 წელი იყო საქართველოს ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე და თავდაუზოგავად იღვწოდა მსოფლიოს სამეცნიერო ცენტრებთან კავშირების დამყარებისა და მედიცინის დარგში მსოფლიო სტანდარტების დონეზე სამეცნიერო და კვლევითი მუშაობის დახვეწისთვის. იგი იყო 250 სამეცნიერო ნაშრომის, 10 მონოგრაფიის და ათეულობით სახელმძღვანელოს, წიგნისა და სტატიების ავტორი. იგი მრავალი წლის მანძილზე გახლდათ თბილისის კარდიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე, თერაპევტთა მსოფლიო ასოციაციის წევრი და ათეროსკლეროზის მსოფლიო ასოციაციის ნამდვილი წევრი, ხოლო 1970 წელს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კარდიოლოგიის დეპარტამენტის დირექტორის პროფესორ ზდანეკ ფაიფერის რეკომენდაციით, იგი გახდა ჟენევაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტი, ხოლო 1971 წელს მისი აქტიური მონაწილეობით დაარსდა მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკის კარდიოლოგიური ცენტრი.

 

თავისი მოღვაწეობის მანძილზე ირაკლი ჭუმბურიძე მონაწილეობდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამართულ კარდიოლოგთა სიმპოზიუმებში, კონგრესებსა და კონფერენციებში.

 

ირაკლი ჭუმბურიძე სახელოვან ქართველ მოღვაწეთა ოჯახში დაიბადა და იზრდებოდა. მისი ბაბუა გახლდათ ბრწყინვალე მასწავლებელი, ლოტბარი, პოეტი, პუბლიცისტი, მგალობელი და საზოგადო მოღვაწე დეკანოზი რაჟდენ ხუნდაძე, საქართველოში „წკგს“-ის წევრი, რომლის ოჯახს ხშირად სტუმრობდნენ ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელ (ქიქოძე), ნიკო ნიკოლაძე, მამია გურიელი და სხვა მოღვაწენი. მას განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის ქართული ხალხური საერო და საეკლესიო მუსიკის შენახვის, აღორძინებისა და გავრცელების საქმეში. მან გამოსცა საეკლესიო ტიპიკონი, საეკლესიო და საერო სიმღერების ათამდე კრებული, ნოტებზე გადაიტანა 1641 საგალობელი და 277 ხალხური სიმღერა, შეადგინა ძველი ქართული სიტყვების ახსნა-განმარტებითი ლექსიკონი, დაწერა ოპერა „უცნაური ქორწილი“...

 

ირაკლი ჭუმბურიძის მამა გახლდათ ღვაწლმოსილი პედაგოგი და ისტორიკოსი თეიმურაზ ჭუმბურიძე, რომელიც გახლდათ ქუთაისის განათლების განყოფილების გამგე და ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი - შალვა ნუცუბიძესა და დავით კანდელაკთან ერთად. იგი მრავალი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა ინსტიტუტის ისტორიის კათედრას და მის ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ ქუთაისის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე დია ჩიანელი (რეჟისორ რეზო ჩხეიძის მამა), უდიდესი ქართველი მოღვაწეები დიმიტრი უზნაძე, გრიგოლ რობაქიძე, ალექსანდრე ჯანელიძე, პლატონ წულუკიძე, კოტე მარჯანიშვილი, რომელიც იმ წლებში ქუთაისის თეატრს ხელმძღვანელობდა, იოსებ ოცხელი და სილოვან ხუნდაძე - რაჟდენ ხუნდაძის უმცროსი ძმა. მისი მოწაფეები იყვნენ აკადემიკოსები ალექსანდრე ფრანგიშვილი და რაფიელ დვალი. თეიმურაზ ჭუმბურიძე და დია ჩიანელი 1937 წლის რეპრესიებს შეეწირნენ. ქართველი პროზაიკოსის რეზო ჭეიშვილის დახმარებით საღორიას ტყეში დადგინდა მათი დახვრეტის ადგილი, სადაც 1995 წელს მათი სახელობის მემორიალური ძეგლი დაიდგა. დღეს ქუთაისის ორი ქუჩა დია ჩიანელისა და თეიმურაზ ჭუმბურიძის სახელებს ატარებს.

 

ირაკლი ჭუმბურიძის დედა გახლდათ ღვაწლმოსილი ქართველი პედაგოგი ბაბო ხუნდაძე, რომელიც 55 წლის მანძილზე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ჯერ ქუთაისში, შემდეგ კი თბილისში. მის მოწაფეებს შორის იყვნენ რეზო ჩხეიძე, ანა კალანდაძე, მინდია უგრეხელიძე, თინათინ შარაძენიძე და მრავალი სხვა. სწორედ ბაბოს მამა გახლდათ დიდი ქართველი მოღვაწე დეკანოზი რაჟდენ ხუნდაძე, ირაკლი ჭუმბურიძის მეუღლე გახლდათ ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი რუსუდან ბერიძე, რომელიც მრავალი ათეული წლის განმავლობაში მუშაობდა გერმანელ მეცნიერებთან ერთად, უძველესი ჯიშის ქართული მარცვლეული კულტურების შესწავლის მიზნით.

 

1997 წელს ქუთაისმა დიდი სიყვარულით აღნიშნა ირაკლი ჭუმბურიძის დაბადებიდან 80 წლის იუბილე, რომელიც მის სკოლაში - წმინდა ნინოს სახელობის მესამე გიმნაზიაში გაიმართა. ღონისძიება საუცხოოდ იყო ორგანიზებული, რაშიც დიდი წვლილი შეიტანა ქუთაისის გუბერნატორმა თეიმურაზ შაშიაშვილმა. საიუბილეო საღამოს ესწრებოდნენ ირაკლი ჭუმბურიძის კოლეგები, მეგობრები და ნათესავები. მახსოვს, რა სიამაყით უსმენდა თითოეულ გამომსვლელს ჩემი ვაჟი - უმცროსი ირაკლი ჭუმბურიძე, სახე უბრწყინავდა, უხაროდა, რომ დიდი ბაბუის გზის გამგრძელებელი უნდა ყოფილიყო... მაგრამ...

 

ირაკლი ჭუმბურიძე, ასაკის მიუხედავად, ჯან-ღონით სავსე კაცი იყო, გამთენიისას დგებოდა, ვარჯიშობდა, მუხას წააქცევდა... მაგრამ... თავად წაიქცა... შვილიშვილის დაკარგვით გამოწვეულ დარდს ვეღარ გაუძლო და...

 

2002 წელს, ანუ მისი ერთადერთი შვილიშვილის ირაკლი ჭუმბურიძე-უმცროსის გარდაცვალებიდან ზუსტად ერთი წლის თავზე, გარდაიცვალა.

 

სასუფეველში ყოფილიყოს თქვენი სული.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner