აჭარის მთავრობის თავმჯდომარე რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების სამუშაოების მონიტორინგს განაგრძობს. თორნიკე რიჟვაძე დღეს ბათუმში, დრამატული თეატრის მიმდებარედ, საცხოვრებელი კორპუსის ფასადის შეფუთვის სამუშაოების მიმდინარეობას ქალაქის მერთან, ლაშა კომახიძესთან ერთად გაეცნო. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია შენობის მობათქაშება, კედლის ფილების გაკვრა, სამღებრო სამუშაოები და ფასადის მოწყობა. ამ ეტაპზე სადემონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს.
თორნიკე რიჟვაძის თქმით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში აღნიშნული ინფრასტრუქტურის მოწყობა მნიშვნელოვნად შეცვლის ქალაქის იერსახეს.
„დღეს ბათუმის მერთან ერთად მოვინახულეთ რამდენიმე ობიექტი, სადაც ძალიან ინტენსიური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. რუსთაველის ქუჩაზე მიმდინარეობს რამდენიმე შენობის ფასადის შეცვლა. საოცრებათა პარკში წლების განმავლობაში არსებული პრობლემა, რომელიც უკავშირდებოდა დაზიანებულ ფილებს, ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება. ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ბათუმის მერიასთან. ეს იქნება ის ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც გადაჭრის ათწლეულების განმავლობაში არსებულ პრობლემა“, - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.
რუსთაველის ქუჩაზე მდებარე შენობა განახლებულ იერსახეს მიმდინარე წლის ბოლოსთვის მიიღებს.
მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმის მერთან ერთად მოინახულა ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები, სადაც ხორციელდება ძველი ფილების დემონტაჟი, გრუნტის შეცვლა და ბეტონის საფარის დაგების მოსამზადებელი სამუშაოები, პარალელურად მიმდინარეობს პედესტალის ფილების რეაბილიტაცია.