ექს პრემიერ-მინისტრმა და მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა, ჟურნალ ენტრეპრენეურ-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა სადაც ის მის მიერ განხორციელებულ და დაგემილ პროექტებზე საუბრობს.
წყალტუბოს შესახებ დასმულ კითხვასთან დაკავშირებით, ივანიშვილი პასუხობს, რომ ყველა სასტუმრო ღია აუქციონის წესით გაიყიდება და თვითონ მხოლოდ მას შეიძენს, რომლითაც სხვა ინვესტორი არ დაინტერესდება და მათაც 3 წლის ვადაში გაასხვისებს.
„რა თქმა უნდა, სასტუმროები ღია აუქციონზე, მკაცრი საინვესტიციო პირობებით გაიყიდება. მხოლოდ ორი მთავარი მოთხოვნა და თხოვნა მექნება – ეს არის ვადები, რომ მაქსიმუმ 3 წელიწადში ობიექტი უნდა დასრულდეს და რეაბილიტაცია არსებული კულტურულ-ისტორიული იერსახის შენარჩუნებით განხორციელდეს.
მალე უნდა გამოცხადდეს საინვესტიციო პაკეტი. სწორი იქნება და უნდა შევეცადოთ, რომ ცალ-ცალკე გამოვიდეს ობიექტები, რათა ვისაც რა უნდა, ის შეიძინოს. იქნება ტენდერი თუ აუქციონი, სახელმწიფო განსაზღვრავს, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს და რა თქმა უნდა, მეც და ყველა დაინტერესებული პირი მას დავემორჩილებით.
წინასწარ ვამბობ და ვეუბნები ბიზნესსაც, რომ ეს იქნება ყველასთვის ძალიან საინტერესო და მომგებიანი საქმე, რადგან ეს სასტუმროები 12 თვის განმავლობაში იქნება დატვირთული. ამ პროცესში, მე ვფიქრობ, რომ შეიძლება ყველა სასტუმრო გაიყიდოს სხვა კერძო ინვესტორებზე, და პრაქტიკულად, მე აღარცერთი სასტუმროს შეძენა არ მომიწიოს.
რაც არ გაიყიდება, მე ვარ მყიდველიც და გამკეთებელიც – 3 წელიწადში! მოკლედ რომ ჩამოვაყალიბო ჩემი როლი ამ პროექტში, მე ვარ ერთგვარი გარანტორი და დამზღვევი, რომ წყალტუბოს აღორძინების პროექტი აუცილებლად განხორციელდება. მოდელი ასეთია – რაც არ გაიყიდება, იმას შევიძენ. ვფიქრობ, მშენებლობის პროცესშიც მოხდება დაინტერესება ბიზნესის მხრიდან. როგორც წერილში განვაცხადე, მზად ვარ, ნებისმიერ ეტაპზე, იქნება ეს დაგეგმარება, პროექტირება, მშენებლობა თუ დასრულების შემდეგ, ექსპლუატაციაში ჩაშვება, გავასხვისო ეს ობიექტები ნებისმიერ ინვესტორზე, რათა შემდგომში მან გააგრძელოს წარმატებული ოპერირება. მაქსიმალური ფასი მხოლოდ პროექტზე დახარჯული თანხა იქნება.
ამავე პროცესშიც დავეხმარები იმ ბიზნესსაც, ვინც უკვე ფლობს იქ სასტუმროებს და არ მოისურვებს გაყიდვას – მთავარია, მათი მაღალი ხარისხი დავიჭიროთ, ამას კი დამატებითი ინვესტიციები დასჭირდება. ზოგს შესაძლოა, თანაინვესტირების ფონდის საშუალებით დავეხმარო, ზოგს იაფი რესურსის მოძიებით, ან სხვა სახით, როგორც ბიზნესს დასჭირდება.
თუ ასე არ მოხდა და ბიზნესმა ამ ეტაპზე მაინც თავი შეიკავა, ყველას ობიექტს მე შევიძენ და დავასრულებ. რაც მთავარია, მე ზოგადი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში მივეხმარები სახელმწიფოს. რასაც თავად ვერ გაწვდება, ჩემი ხარჯებით დავაფინანსებ.
იქ მთელი ინფრასტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს, წყლის რესურსის სწორი გამოყენებით, ერთიანი სპასისტემის შექმნით. ერთი და ორი სასტუმროს გაკეთებას აზრი არ აქვს, ყველაფერი უნდა მოხდეს კომპლექსურად, ერთიანი გეგმის ფარგლებში.
როცა ბიზნესი დაინახავს, რომ ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგდა და 3 წელიწადში შესაძლოა სერიოზული შემოსავლები მიიღოს, საქართველოში არის ძალიან ბევრი ნიჭიერი ბიზნესმენი და დარწმუნებული ვარ, მათი მხრიდან უზარმაზარი ინტერესი იქნება. ზუსტად ისე, როგორც ეს მოხდა აბასთუმანში.
რაც შეეხება ოპონენტების საყვარელ ფრაზას, რომ ყველაფერი ივანიშვილმა იყიდა, მინდა გავაწბილო ისინი – ყველა დაინახავს, რომ 3 წელიწადში არცერთი სასტუმრო არ იქნება ჩემს საკუთრებაში, ამ პროექტიდან სარგებელს კი, ათასობით ადამიანი ნახავს“, - აცხადებს ივანიშვილი.