საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნე - მწერალი, მეცნიერი, ლექსიკოგრაფი, პოლიტიკოსი და დიპლომატი - სულხან-საბა ორბელიანი 1658 წლის 4 ნოემბერს დაიბადა.
მიუხედავად იმისა, რომ ურთულეს პერიოდში მოუწია მოღვაწეობამ, მისმა მრავალფეროვანმა და საეტაპო მნიშვნელობის ნაშრომებმა მაინც მოაღწია ჩვენამდე: „სიტყვის კონა“, „მოგზაურობა ევროპაში“, „სიბრძნე სიცრუისა“ და სხვა. თითოეულ მათგანს გამორჩეული ადგილი უჭირავს ქართულ მწერლობაში.
საქართველოს ეროვნული არქივი სულხან-საბა ორბელიანის ანდერძის ნაწყვეტს „სიტყვის კონადან“ ავრცელებს, რომელიც ეროვნულ არქივშია დაცული. ანდერძში მოკლედ არის ახსნილი ლექსიკონზე მუშაობის დაწყების მიზეზები და მოტანილია სულხან-საბას მოღვაწეობა გარეჯის მონასტერში ბერად კურთხევიდან ევროპიდან კონსტანტინოპოლში დაბრუნებამდე.
ხელნაწერი გადაწერილია სულხან-საბას გარდაცვალებიდან რამდენიმე ათეულ წელიწადში ნიკოლოზ გარსევანიშვილის მიერ, 1760 წელს, ყიზლარში:
„ამ წიგნის მოღვაწესა, სულხან-საბა ორბელიანსა ლოცვით მოიხსენიებდეთ: მეფის არჩილისა და მეფის გიორგისა და ბატონის ლევანის დედის ძმისწულსა, საქართველოს მსაჯულ[ი]ს, ბატონის ორბელის ძესა. ამა მეფეთ ბრძანებითა აღიწერა ესე წიგნი ფრიად შრომითა და რუდუნებითა, რამეთუ ქართლის ქუჱყანასა ლექსიკონი აღარ იპოვებოდა და ოცდა ათს წელს ძვილ შეაწყო განმარტებით, რამეთუ ერისაგანი იყო და წარჩინებული და სოფლისა საქმისაგან უცალო იყო. მაშინ ქორანიკონი იყო ჩქპე (1685). ამის შემდგომად მონაზონ იქმნა და გარესჯის მრავალმთის წმინდის ნათლისმცემლის მონასტერს დაადგრა ქორონიკონს ჩქჟჱ (1698), მარტს იჱ (18), მონაზონ იქმნა ქორონიკონს ჩღი (1710) დეკენბერს ა (1), ხვარასანს წავიდა, მეფეს ქაიხოსროს ეჴმო და ფებერვალს კ (20) გამოისტუმრა მრავლის ნიჭითა; მაის, ია (11), ქართლს მოვიდა ქორონიკონსა ჩღიბ (1712), აპრილს კგ (23) ისპანს წავიდა, მეფე ვახტანგს გაჰყვა. 2, ნოენბერს გამობრუნდა, დეკენბერს, კ (20), ქართლს მოვიდა. ჩღიგ (1713), აგვისტოს, იზ (17), საფრანგეთს გაიპარა: ფრანცა, ჯენევა, სიკილია, ჰრომი ნახა. ფრანცისასა მეფე, რომპაპი, კარანდუკა უცხოდ დახვდნენ, ყოველი კაცი განჰკვირდა, რაც იმ ქვეყანაში უცხო და ძვირად სანახავ იყო ყველა აჩვენეს: პაპამ წმინდის ჯვარის ნაწილი, წმიდა კლემენტოს მოწამის თავი და სხვა მრავალი ნაწილი უბოძა, იჱ (18) მარიამობის თვეს გამოისტუმრა. გზებზე წმინდა სახლი და მრავალი წმინდა ადგილი მოილოცა, კ (20), ღვინობისთვეს მალთს მოვიდა. ჱ (8) დეკენბერს ფრანცისის მეფის ხომალდი მოუვიდა, წამოვიდა ქორონიკონს ჩღიე (1715) იანვრის, ით (29) კოსტანტინეპოლის მივიდა. იქ დაეგვიანა ის წელიწადი ფრანცისის დესპანისას იდგა მრავალ კეთილ ჴელშეწყობით“.