მას მერე, რაც ე. წ. „ციანიდის საქმე“ გახმაურდა, ჭყონდიდის ეპარქიის მმართველი, მიტროპოლიტი პეტრე საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. პრინციპში, თვითონ მოინდომა ასე - ზედმეტად გააქტიურდა და უფრო გააღრმავა ეჭვები იმის თაობაზე, რომ პატრიარქის სავარძლისკენ უჭირავს თვალი. ამას ისე, ჭორად ამბობენ: მეუფეს პატრიარქობა სურსო, ერთ ყოფილ მაღალჩინოსანს მეუფის გამკრიტიკებლისთვის ისიც კი უთქვამს: გაჩუმდი, ნუ ამხელ მეუფეს, დღეს თუ არა, ხვალ ეს კაცი პატრიარქი იქნებაო. რამდენიმე კვირის წინ „საერთო გაზეთში“ ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც ერთი სასულიერო პირი მეუფე პეტრეს მიერ ვინმე ილია ზუკაკიშვილის ქონების თვითნებურად გაყიდვაზე საუბრობდა. ზუკაკიშვილის სახლ-კარი მეუფეს, იგივე პაატა ცაავას, ერისკაცობაში გაუყიდია, მერე წასულა ყაზბეგში მორჩილად და ზუკაკიშვილს სამღვდელო კაბაში უცოდველი სახით გამოცხადებია. იმასაც ამბობენ, სენაკში დაბადებული პაატა ცაავა ყმაწვილკაცობაში ჯიბის ქურდობაში ყოფილა დახელოვნებული - ეს საქმე მშვენივრად გამოსდიოდაო. ახლა ძნელია იმის თქმა, რატომ თქვა უარი ცაავამ კანონიერი ქურდის კარიერაზე, მაგრამ სასულიერო იერარქიაში რომ უმაღლეს საფეხურს მიაღწია, ეს თვალნათლივ ჩანს.
აღსანიშნავია მისი სიმპათიები წინა ხელისუფლების მიმართ. მეუფე ექსპრეზიდენტის ცოლის სანდრა რულოვსის პირადი მოძღვარი ყოფილა. მარტვილში იმასაც ამბობენ, მეუფეს ერთი მონაზვნისგან გოგონა შეძენია, ბავშვს თურმე მეუფის დედა ზრდიდა სენაკში და ეს ამბავი რომ გახმაურებულა, გოგონა სადღაც გადაუმალავთ.
მეუფის ცხოვრების წესზე მრევლის წევრები ჩუმად საუბრობენ. თან პირჯვარს იწერენ: ქალების კისკისი გამოდის ღამღამობით სალხინოში, სასტუმროდანო. 5 გაკრიალებული ჯიპი კვირაში ორჯერ რომ მიადგება რეზიდენციას და იქედან მერე ღრეობის ხმა რომ გამოდის, რას მივაწეროთო, ჩვენი ბიზნესმენი მეუფე ერისკაცივით ცხოვრობს, ამას ხმამაღლა ვერ ვამბობთ, მაგრამ თუ ამ ადამიანს ეპარქიიდან არ მოგვაშორებენ, ქუჩაში გამოვალთო.
მეუფე ჭყონდიდის ეპარქიაში 2006 წელს მიავლინეს და, როგორც ჩანს, ეს შემთხვევით არ გაკეთებულა. ნაციონალებმა მშვენივრად იცოდნენ, მეუფე პეტრე მათთვის ერთგული მხარდამჭერი, ინფორმაციის შემკრები, არჩევნებში მხარდამჭერი, მათ ქმედებებზე ოლარის გადამფარებელი და საიდუმლოს შემნახავი რომ იქნებოდა. მოგეხსენებათ, საპატრიარქოში მხარდამჭერები ბევრი ჰყავდა „ნაცმოძრაობას“, როგორც შეგზავნილი, ისე ადგილობრივი და თვითონაც დარბოდნენ სინოდის სხდომებზე. ამიტომაც ამბობენ მარტვილსა და აბაშაში, მეუფე პეტრე „ნაცმოძრაობის“ მაღალჩინოსნებს საქმეებს უგვარებდა, ბიზნესებისა და აგარაკების ჩუქება-გადაფორმების საქმეში აქტიურად მონაწილეობდაო. პრესა ადრე წერდა ამაზე, შს ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა კვარიათში, იმ ცნობილი სამსართულიანი სააგარაკო სახლის გადაფორმების სანაცვლოდ ქონების წართმევისთვის აღძრული სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას დაჰპირდა იმ ქონების პატრონს და შუამავლად მეუფე პეტრე მიუგზავნაო.
მარტვილში ასეთ საეჭვო გარიგებაზეც ლაპარაკობენ: ახალაიები ხალხს დაიჭერდნენ, მერე იმათი ნათესავები მეუფესთან მიდიოდნენ და დაჩოქილი სთხოვდნენ თურმე: დიდო მეუფე, გამოგვახსნევინე დაპატიმრებულიო და ჩუქნიდნენ საჩუქრებს, ეკლესიას სწირავდნენ ფულს. მეუფე ამშვიდებდა მათ, ჰპირდებოდა დახმარებას. დაპატიმრებულს კი ზოგს უშვებდნენ, უმეტესობას - არა, მაგრამ პასუხს ვინ მოსთხოვდა მეუფე პეტრეს?! გასულ წლებში სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების უმეტესობა მეუფის ხელში ყოფილა. როგორც ამბობენ, ეპარქია ათობით ტრაქტორს ფლობს. ამუშავებენ მიწებს, მოჰყავთ ყურძენი, ამზადებენ ღვინოს და ყველაფერი ეს იყიდება! მეტიც, მეუფის გარეშე თავის დროზე თანამდებობებზე თურმე ვერავინ დაინიშნებოდა და ახლაც ახერხებს ამას.
2012 წლის არჩევნების მერე მეუფე სალხინოს რეზიდენციაში ბაჩანა ახალაიას და ხათუნა კალმახელიძეს მალავდა თურმე. მაშინ ბაჩო ახალაია ერთ მღვდელს უცვნია და უთქვამს: შენ აქ რა გინდაო?! ისე უცემიათ ის მღვდელი, კარგა ხანს ლოგინიდან ვერ დგებოდაო. მეუფე პეტრე იყო ის კაცი, 2012 წლის მერე თურქეთში რომ გადადიოდა სააკაშვილის სანუგეშებლად. თურქეთის საბაჟოზე კი მას კარგად იცნობდნენო. თუ რატომ, ამას ქვემოთ იხილავთ.
განცხადებაში, რომელიც მე გადმომცეს და კათოლიკოს-პატრიარქის სახელზეა დაწერილი, ვკითხულობთ: „მოქალაქეებისთვის, მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უკანონოდ ჩამორთმევის მემკვიდრეობისა და საკუთრების უფლების გაუქმების მიზნით, ეპარქიის სამღვდელოებამ გარკევულ თანამდებობის პირთა დახმარებით, ხელოვნურად შექმნეს აშკარად ყალბი დოკუმენტური მტკიცებულებები, კერძოდ, გააყალბეს სოფელ სალხინოს მოსახლეობის ყრილობის ოქმი, რომელიც ერთ-ერთ მტკიცებულებად წარუდგინეს სასამართლოს; ამასთან, სოფელ სალხინოს საკრებულო და რაიონის გამგეობა აიძულეს მიეღოთ გადაწყვეტილებები მოსახლეობაზე მიწის რეფორმის კომისიის მიერ საკუთრების უფლებით გადაცემული მიწის ნაკვეთის ჩამორთმევის და მათი საკუთრების უფლების გაუქმებასთან დაკავშირებით. მეუფე პეტრეს დავალებით რაიონის გამგეობამ მოძღვარი სერაფიმეს სარჩელის განხილვის დროს, მარტვილის რაიონულ სასამართლოში, საქმეში მოპასუხედ ჩართო თავისი წარმომადგენელი, რითაც სასამართლოზე მოახდინა გარკვეული სახის ზეწოლა. მეუფე პეტრემ ყველაფერი იღონა მოსახლეობის საჩივრების განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით. ქ. მარტვილის გამგეობის მიერ კულტურული ღონისძიებების ეგიდით ჩატარებული სამუშაოების დროს დიდი ოდენობით სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვისა და მითვისების ფაქტებზე, აგრეთვე ტყის ფონდის განადგურების შესახებ საჩივრებზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ, როგორც მარტვილის, ისე სააპელაციო და უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატის მოსამართლეები იძულებულნი გახდნენ ანგარიში გაეწიათ მეუფე პეტრესა და ოთარ და ჯაბა ჯიქიების ადმინისტრაციულ საქმეებზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით მიეღოთ და დაედგინათ აშკარად უკანონო გადაწყვეტილებები და განაჩენები, რომლებითაც მოქალაქეებს ოთარ და ჯაბა ჯიქიებს უკანონოდ გაუუქმდათ საკუთრების უფლება მათ კანონიერ საკუთრებაში არსებულ მოძრავ ქონებაზე და ჩამოერთვათ ეს ქონება".
ახლა მოვუსმინოთ ეკონომიკის დოქტორს, არასამთავრობო ორგანიზაციის „უძრავი ქონების დაცვის კომიტეტის“ ხელმძღვანელს, მარტვილის მკვიდრს, ბატონ ოთარ ჯიქიას:
„მრავალგზის მივმართე მაღალი თანამდებობის პირებს. საქართველოს პრეზიდენტს ექვსჯერ გავუგზავნე თხოვნა, ვინმეს განეხილა ჩემი საკითხი. პასუხი არსაიდან არ მიმიღია. სალხინოში მიურატების სასახლის ეზოში მაქვს გატარებული ბავშვობა. მეუფე პეტრეს მოსვლამდე, ჯერ კიდევ 2000 წელს მარნის სახურავის გადახდა უნდოდათ და იმაზე ბევრი ვიბრძოლე. ძალიან მიყვარს იქაურობა და როგორც კი შესაძლებლობა გაჩნდა, ტერიტორია იჯარით ავიღე იმ მიზნით, რომ იქ გამეშენებინა ოჯალეშის ჯიშის ყურძენი. ხელშეკრულებაშიც ასე მივუთითეთ - მიწის ფართობი იჯარით ოჯალეშის გასაშენებლად გადმომეცემოდა მე. მართლაც, მიწის ფართობი ბალანსიდან ბალანსზე გადმომეცა. მანამდე კი, 1997 წელს, სოფელში ყრილობა ჩატარდა, სალხინოს დადიანების რეზიდენცია 7 ჰა-მდე ფართობი ეკლესიას გადაეცესო. სოფელი ამბობს, რომ არავითარი ყრილობა არ ჩატარებულა. ის 7 ადამიანი, ვინც ხელს აწერს ოქმს, ამბობენ: ჩვენი ხელმოწერა არის, ოღონდ ჩვენ ამ ოქმზე ხელი არ მოგვიწერიაო. ყრილობის ჩატარება არც არქივით დასტურდება. როგორც ამბობენ, ხელმოწერები გაყალბებულია. სასამართლომ დაამტკიცა, რომ მიწა ჩემია და არ უნდა ჩამომერთვას. საჯარო რეესტრი კი მართმევს და უფორმებს მეუფე პეტრეს. უზენაესი სასამართლო საქმეს ხელს არ ჰკიდებს, რადგან, ჩემი აზრით, საკითხი საპატრიარქოს ეხება და ასეთ დავებს ყველა არიდებს თავს. მით უფრო, რომ უზენაესს აქვს საქმის თავიდან აცილების უფლება. თავის დროზე პრესაშიც გავრცელდა ინფორმაცია და ახლაც ლაპარაკობენ, მარტვილში 900 000 კუბომეტრი ხე-ტყე როგორ გაზიდა ქვეყნის გარეთ მეუფე პეტრემ. 1 კუბომეტრ გამზადებულ მასალას 3-4- კუბური მეტრი ხე მასალა სჭირდება. ამ ბიზნესით მილიარდზე მეტი დოლარის ხე-ტყე არის გატანილი ქვეყნის გარეთ მარტვილიდან, მაშინ, როცა მარტვილის ბიუჯეტი, თუ არ ვცდები, 600 000 ლარია. მეუფე პეტრე არის ამ საქმიანობის „კრიშა“, ანაფორით აცილებს მანქანებს თურქეთის საზღვარზეო. ამბობენ, მეუფე იმდენად ცნობილი იყო მებაჟეებისთვის „ნაციონალების“ დროს, რომ არც კი აჩერებდნენ საბაჟოზე, შეუმოწმებლად გადადიოდა საზღვარზეო. რამდენიმე ხნის წინ ჩემმა ახლობელმა ხრეში გამომიგზავნა და ჭიშკრის წინ გზა გავაკეთე. ცოტა ხანში ერთი ნაცნობი მომადგა მოტოციკლეტით - ორი ტომარა ხრეში მომეცი, კაცობას გაფიცებო. გამიკვირდა. ჩემთან რა გინდა, ტეხურაზე წადი-მეთქი, ვუთხარი. იქ ვინ მიგიშვებს, ჯარიმას მოგაწებებენო, - მიპასუხა. შპს მეუფე პეტრემ სხვას გადაუფორმა, სინამდვილეში კი, მისია. იქედან ხრეშს კი არა, წვეთ წყალსაც ვერ წამოიღებ მეუფის უკითხავადო. როგორც აღმოჩნდა, მეუფეს მარტო ჯიქიას ნაკვეთისთვის არ დაუდგამს თვალი, იგი აქტიურად იბრძოდა მარტვილელი გურამ გაბისონიას კანონიერ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იძულებით დათმობა-ჩამოსართმევად. მის სახელთან აკავშირებენ სოფელ სალხინოში მდინარე ტეხურაზე გადებული რკინის ძველი ხიდის დაშლას, დაჭრას და ჯართში ჩაბარებას. მოძღვრები ხელმძღვანელობდნენ თურმე ხიდის რეკონსტრუქციას. მოსახლეობისთვის უთქვამთ: მიდით, მეუფეს უთხარით რაიმე პრეტენზია თუ გაქვთ. ჩვენ მის დავალებას ვასრულებთო. ხიდი ჯართად, 15 000 ლარად გაყიდულა. ფული კი მეუფის ჯიბეში.
2011 წლიდან ითხოვენ თურმე მარტვილელები მარტვილის წყალკანალში რეკონსტრუქციისთვის გაწერილი 3 მლნ ლარის ბედის გარკვევას. აქაც მეუფის ხელი ურევიაო. მან მიითვისა ამ პროექტის დიდძალი თანხა და სამუშაოები სათანადო დონეზე არ შესრულებულაო. მარტვილის ნაგავსაყრელის მოსაწყობად გამოყოფილი 100 000 ლარის მითვისებაზეც აქტიურად საუბრობენ, მაგრამ, როგორც იტყვიან, შეაყარე კედელს ცერცვი. გია ჯიჯელავა, სოფ. სალხინოს საკრებულოს უფროსი სპეციალისტი, მარტვილის მკვიდრი მოგვითხრობს: - სოფელ სალხინოს მკვიდრი გახლავართ, ჩემი ოჯახი არის ძალიან მორწმუნე. ცხონებული დედაჩემი ბავშვობიდან ეკლესიურად მზრდიდა. უამრავი ადამიანია, ვინც უკმაყოფილოა მეუფე პეტრეს თვითნებობით, მაგრამ ხმას ვერ იღებენ. მოსვლის დღიდან რომელი მოძღვარიც მეუფეს არ დაემორჩილებოდა, აძევებდა ეპარქიიდან. მეუფე სერაფიმე (ჯოჯუა) ფილოსოფოსი კაცი იყო, პოლიტიკური ნიშნით არავის არჩევდა, მაგრამ რაც მოვიდა ეპარქიაში მეუფე პეტრე, დაიწყო გარჩევა „ნაციონალებისა“ და „ოცნების" მხარდამჭერების. ერთმა ადგილობრივმა ბიზნესმენმა სალხინოს სკოლა-ინტერნატს ექსკურსიისთვის 1000 ლარი აჩუქა. ეს ამბავი რომ მეუფემ გაიგო, საყვედური უთხრა ბიზნესმენს: ეს ფული ჩემთვის უნდა მოგეცა და მე მივცემდი სკოლას, რამდენიც საჭირო იქნებოდაო. სოფელში ქელეხის სუფრაზე იგივე ბიზნესმენმა მინერალური წყალი „სნო“ აჩუქა ჭირისუფალს. მეუფემ იკითხა, ეს წყალი ვინ მოიტანაო? იმ ბიზნესმენმა იფიქრა, დამლოცავს ამ სიკეთისთვისო და მე მოვიტანეო, უთხრა. განრისხდა მეუფე პეტრე: როგორ გაბედე „სნოს“ მოტანა, როცა მარტვილის წყალი გვაქვს აგერო. აიღო ბოთლი და 70 კაცის თვალწინ კედელს მიახეთქა, რადგან მარტვილის წყალიც მის ხელშია. მერე ამ ბიზნესმენს ისიც უთხრა: შენ მარტვილელი არ ხარ, საიდანაც არის შენი გვარის ფუძე, იქ წადი, მარტვილს თავი დაანებეო. თქვენ იცით, სააკაშვილის სურათი რომ ეკიდა ხატებთან წლების განმავლობაში?! „ნაციონალების“ შიში ისედაც ჰქონდა მოსახლეობას. დატერორებული იყო ხალხი და ამ შიშს კიდევ უღრმავებდა მეუფე. 2006 წელს, ეპარქიის მმართველად რომ მოგვევლინა, სააკაშვილი ჰყავდა სტუმრად. აიღო მიშამ და კოლმეურნეობის შენობა 1 ლარად გადასცა, მიწები და მამულები თქვენიაო. გაბღენძილი დადიოდა მერე მეუფე, მიშა არის ჩემი მფარველიო. იმ განუკითხაობაში ძალიან ბევრ მარტვილელს გაუყალბეს საბუთები და წაართვეს მიწის ნაკვეთები.
ეს კაცი საეკლესიო პირი კი არა, არის ბიზნესმენი, ფლობს დიდძალ მიწის ნაკვეთებს, მონურად ამუშავებს მორჩილებს, ამწყემსინებს საქონელს. საეკლესიო პირებს და მოსახლეობას ამუშავებინებს მიწებს და მოსავალს ყიდის. მღვდელ-მონაზვნებს და ბერებს, ვისაც მეტის მოთმენა არ შეუძლია, გარბიან ეპარქიიდან. ვინც ემორჩილება, იმათ მღვდელი მოუწოდებს - მეუფე პეტრესთვის ვილოცოთო და გალობენ: დღეგრძელი იყოს მეუფე პეტრეო. ამ ლოცვა-კურთხევაში აყვავდა პეტრე და გაღატაკდა მრევლი. მეუფე მაინც უკმაყოფილოა, რადგან მარტვილის დღევანდელ ხელმძღვანელობას ისეთ კომფორტში არ ჰყავს, როგორშიც ადრე იყო. მაშინ წვეულებები რომ ჰქონდათ „ნაციონალებს“, ჩამოდიოდნენ მარტვილში, მეუფე იჯდა ბატონივით სუფრასთან. დღემდე ვერ მოუნელებია ის, რომ სტუმრებს მარტვილის ახლანდელი ხელმძღვანელობა მის გარეშე მასპინძლობს. გახსოვთ, ალბათ, პატრიარქმა როლანდ ახალაია რომ დააჯილდოვა. მეუფე პეტრე იყო მაშინ ახალაიას რეკომენდატორი, შეცდომაში შეიყვანა უწმინდესი…ხალხი მოუთმენლად ელოდება სინოდის გადაწყვეტილებას. თუ ჩვენი ეპარქიიდან არ გადაიყვანენ მეუფე პეტრეს, ხალხი ამას არ მოითმენს. ეს ადამიანი არის „ნაციონალების“ მომხრე დღემდე. არავის არ უნდა „ნაციონალების“ კაცი, ისედაც ეჯავრება ხალხს მწამებლების და გამაუპატიურებლების მხარდამჭერები. ჩვენ არ გვინდა ბიზნესმა და პოლიტიკამ ეკლესიაში შეაღწიოს. რწმენა და ლოცვა სხვაა, პოლიტიკა - სხვა. ხალხს ხმის ამოღების ეშინია. ზოგი ფიქრობს, დაგვახვედრებს ვინმეს და ჩვენს თავს აცემინებსო.
მე ერთ ტელევიზიაში ვაპირებ ლაპარაკს იმის შესახებ, რაც ახლა გითხარით და თუ მეუფე ჩემს ცემას ვინმეს დაავალებს, ტელევიზიის ინტერვიუ და ეს საუბარი ერთად ჩამითვალოს და ერთი ცემა მაკმარონ… სოციალურ ქსელში ეპარქიის ერთი მონაზონი ჩემს მეუღლეს წერს: გია ჯიჯელავა შენი კანონიერი ქმარი არ არის და უნდა გრცხვენოდესო. ოჯახს მინგრევენ თუ რა არის, ვერ გავიგე. მერე ჩემმა უფროსმა შვილმა მისწერა: ორი შვილი ვყავართ ჩვენს ოჯახს და რატომ წერთ, დედაო, ასეთ რამეებსო. თქვენი თვალით განახებთ ყველაფერს, რასაც ახლა ვამბობ. პატრიარქი რომ იყო მარტვილში ჩამობრძანებული, მაშინ თქვა: გიორგი ჭყონდიდელის ძეგლი უნდა აღიმართოს აქო და ადგილიც მონიშნა, დიდი ლოდიც დადეს იმ ადგილას. მეუფეს დიდად არ ანაღვლებს პატრიარქის სიტყვები. ამ ამბიდან ერთ კვირაში საღორე და საძროხე ააშენებინა იმ ადგილის სიახლოვეს…
ამას ყველგან ვლაპარაკობ, ამიტომ ეკლესიიდან განკვეთილი ხარო, მეუბნებიან. „ხევისბერი გოჩაში“ რომ არის - მწყურვალს ნახავ, წყალი არ დაალევინო, მშიერს ნახავ, პური არ მიაწოდოო, ისე ვყავარ მეუფეს გამოცხადებული. ახლა ზოგიერთი იტყვის, რასაც წერთ და ლაპარაკობთ, მეუფე პეტრეზე, მისი დისკრედიტაციისთვის, სახელის გასატეხად აკეთებთ, მეუფის მტრები ხართო, მაგრამ ადამიანი საკუთარ თავს რომ გაუკეთებს, ისეთ მტრობას სხვა ვერ უზამს. პატიოსანი ადამიანი "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერი როგორ უნდა იყო. ნახევარი სამეგრელო ციხეში ჩაყარეს, ქალებს ვინღა იტყვის, კაცები გააუპატიურეს, მარტი სამეგრელოდან „ნაცმოძრაობის“ ბოგინის პერიოდში 300-ზე მეტი ადამიანია უგზოუკვლოდ გაუჩინარებული, აწიოკებული, ფსიქიკაშერყეული ადამიანების მეუფე იყო პეტრე ცაავა 2006 წლიდან და კიდევ ნაცებს აფარებდა ხელს, რეზიდენციაში ჰყავდა ჩაფუთნული ბამბა-აბრეშუმში საპატიო სტუმრები, დილით საკმევლის სუნით აღვიძებდა მაგ აღვირახსნილებს და კიდევ არაფერი ვთქვათ, კიდევ არ ამოვიღოთ ხმა ამ ქვაბავაზაკის სამხილებლად?!
„საქართველო გადარჩება თუნდაც იმიტომ, რომ საპატრიარქოში ათი კაცი მაინც მოიძებნება წესიერი, პატიოსანი, ღვთის მოშიში მსახური. მე მხოლოდ უღირსნი არ მსურს ეკლესიაში ვიხილო, რადგან ეკლესიამ თვითონ არ მოიკვეთა ავაზაკნი. მე გავაკეთე ეს“, _ წერდა წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი რუის-ურბნისის შემდეგ. ვინ მოიკვეთს ავაზაკებს საქართველოს ეკლესიიდან თუ არ ჩვენ, მრევლი?! მეუფე პეტრეს პატრიარქობა ელანდება თურმე. როგორც ამბობენ, ახლაც საქართველოს ხელისუფლების გადატრიალებაში სიამოვნებით მიიღებს მონაწილეობას და აქტიურადაც არის ჩართული ამ საქმეშიო.
პატრიარქობა სხვა მეუფეებსაც ესიზმრებათ, რამდენადაც ვიცი და მომდევნო ნომრებში მათ სიზმარ-ცხადზე კიდევ იხილავთ ვრცელ წერილებს.
ავტორი: ირანდა კალანდაძე