„კურსის ცვალებადობა აისახება ფასებზე და მოქალაქეების მსყიდველუნარიანობაზე, რომელთაც შემოსავალი ლარში აქვთ, ხოლო ვალდებულებები დოლარში“, - ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა ლარის კურსთან და ინფლაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ.
„ასევე, დოლარიზაციის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, კურსის ცვალებადობა აისახება ფასებზე და აისახება იმ მოქალაქეების მსყიდველუნარიანობაზე, რომელთაც აქვთ შემოსავალი ლარში და ვალდებულებები დოლარში. ამიტომ, მაღალი ინფლაციის მაჩვენებელი ერთგვარად, მაღალი კურსის გავლენის შედეგია. კურსი ერთ-ერთი გამოწვევაა დღეს ბიზნესისთვისაც, რადგანაც გაძვირებული პროდუქცია და შემცირებული მსყიდველუნარიანობა მათ გაყიდვებზეც რეალურად აისახება“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
როგორც ბიზნესომბუდსმენმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია საინვესტიციო ნაკადის მოზიდვის მიმართულებით გააქტიურება.
„ვფიქრობ, მაქსიმუმია გასაკეთებელი, რომ ქვეყანაში საინვესტიციო აქტივობა გაიზარდოს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გამოწვევებზე და მათ შორის ვასახელებთ სხვადასხვა ტიპის რეგულაციას, ესეც არის ერთ-ერთი გავლენის მომხდენი. არ უნდა დავამძიმოთ ჩვენი ეკონომიკა ისე, რომ ამან გადაწონოს უპირატესობები, რაც გაგვაჩნია – ეს არის დაბალი გადასახადები, მაღალი უსაფრთხოება თუ ჩვენი ლოჯისტიკური უპირატესობები“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
ბიზნესომბუდსმენი მიიჩნევს, რომ საინვესტიციო აქტივობის გაზრდა არის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რამაც შეიძლება, გარკვეულ პერიოდში კურსის უფრო მიზანშეწონილი მაჩვენებელი მოიტანოს.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 5 ნოემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.9653 ლარი ღირს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2019 წლის ოქტომბერში წლიური ინფლაციის დონემ 6.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო მიმდინარე წლის სექტემბერთან შედარებით, ოქტომბერში სამომხმარებლო ფასები 0.8 პროცენტით გაიზარდა.
ამასთან, როგორც საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის ხელმძღვანელმა, მერსედეს ვერა-მარინტმა განაცხადა, ინფლაცია სამიზნე 3 პროცენტიან მაჩვენებელს 2020 წლის ბოლოს დაუბრუნდება, როცა ერთჯერადი ფაქტორების გავლენა ფასებზე მიილევა და მონეტარული პოლიტიკა საჭიროებისამებრ გატარდება.