„მთაწმინდის ფერდობის გამწვანებასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება მისასალმებელია“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
„ჩვენ ძალიან ბევრი ხე მოვჭერით, დაავადებული ფიჭვები. გადაწყვეტილება, რომელზეც ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა, არის მისასალმებელი და თუ სხვა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან ამ პროცესში, მხოლოდ წაადგება დედაქალაქს, რადგან სამწუხაროდ, ბევრია ასეთი ადგილი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვახორციელებთ სანიტარულ ჭრებს და შემდეგ ახალ ნარგავებს ვრგავთ, მაგრამ რაც უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება, წაადგება ჩვენს ქალაქსა და შვილებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა „ანერპრენერ ჯორჯიასთან“ (Entrepreneur Georgia) ინტერვიუში სხვა საკითხებთან ერთად, მთაწმინდის გამწვანების ახალ პროექტზეც ისაუბრა. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, თბილისში, მთაწმინდის ფერდის გამწვანების მიზნით უნიკალური პროექტი განხორციელდება. საუბარია სოლოლაკიდან კუს ტბამდე ტერიტორიაზე, დაახლოებით 400 ჰექტარზე. პროექტის სავარაუდო ღირებულება კი, 12-15 მილიონი ლარი იქნება.