ცესკო-ს პრესსპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების ჩასატარებლად მზად არის.
„დღეს გამოქვეყნდა პრეზიდენტის განკარგულება საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ. ცესკო დღეს გამართავს პირველ სხდომას, სადაც დამტკიცებული იქნება საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი. გარდა ამისა, გათვალისწინებულია სხდომის დღის წესრიგის მიხედვით სხვადასხვა საკითხები.
ამ ეტაპზე ცესკო-ში 27 პარტიის განაცხადია შესული და მათგან რეგისტრაცია ხუთს აქვს გავლილი.
რაც შეეხება მოქმედი თანამდებობის პირებს, არსებული კანონმდებლობით, მინისტრებმა, რომლებიც აპირებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, თანამდებობა უნდა დატოვონ პარტიული სიის წარდგენის მომენტიდან.
იმ პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი პარლამენტში და ამავდროულად არ არის კვალიფიციური სუბიექტი, უნდა წარმოადგინონ არანაკლებ 25 000 ხელმოწერა. ხელმოწერების წარდგენის ბოლო ვადა არის 15 აგვისტო. ხოლო კვალიფიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი პარლამენტში, უნდა წარმოადგინონ მხარდამჭერის არანაკლებ 1000-მდე ხელმოწერა, ხოლო კვალიფიციურმა პარტიებმა, რომლებსაც ჰყავთ წარმომადგენელი პარლამენტში, არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების თარიღამდე არაუგვიანეს 57 დღისა უნდა მიმართონ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს რეგისტრაციის გატარების მიზნით", - განაცხადა ანა მიქელაძემ.
მისივე თქმით, საარჩევნო სიების წარდგენა ჯერ ძალიან ადრეა, ვინაიდან არჩევნების თარიღი მხოლოდ დღეს გამოცხადდა.