სუსის საინფორმაციოანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის ირაკლი ბერაიას განცხადებით, სოფელ ავლევის განაპირას ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან მორიგ პროვოკაციულ ქმედებად აფასებს.
მისივე თქმით, პროვოკაცია მიმართულია ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციისკენ და საფრთხეს უქმნის მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას. მისი თქმით, აღნიშნული უკანონო ქმედება 28 ივნისს დაგეგმილ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრაზე იქნება განხილული.
„მიმდინარე წლის 6 ივნისს, რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ ქარელის რაიონის სოფელ ავლევის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსახლეობის მფლობელობაში არსებულ სასოფლოსამეურნეო სავარგულებზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები უკანონოდ იქნა აღმართული. რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ აღნიშნული ბანერების არალეგალური მონტაჟი წარმოადგენს მორიგ პროვოკაციულ ქმედებას, რომელიც მიმართულია ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციისკენ და საფრთხეს უქმნის მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას. აღნიშნული უკანონო ქმედება 28 ივნისს დაგეგმილ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრაზე იქნება განხილული", - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.