ექსპერტ მამუკა არეშიძის განცხადებით, ყოფილი პრემერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ჟურნალისტებთან შეხვედრის შემდეგ საზოგადოებას შეექმნა წარმოდგენა, თუ რა ელის ქვეყანას ივანიშვილის გუნდის მხრიდან სახვალიოდ.
მამუკა არეშიძემ საუბრისას განაცხადა, რომ საზოგადოებას აინტერესებს ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ბიძინა ივანიშვილთან. შეიძლება, მის ნათქვამში ბევრს რამე არ მოეწონოს ან მოსწონოს, მაგრამ ეს პიროვნება არის ასეთი.
„ჟურნალისტებთან შეხვედრის ფორმატი მისაღები და კარგია და ვფიქრობ, რომ საერთო წარმოდგენა შეექმნა საზოგადოებას, რა ელის ქვეყანას ივანიშვილის გუნდის მხრიდან სახვალიოდ. ის, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელდასხმული მთავრობა პროდუქტს დებს, ეს ფაქტია. შეიძლება ტემპი არ არის კარგი, შეიძლება ბევრი ისეთი რამ ხდება, რაც საზოგადოებისთვის მიუღებელია, მაგალითად სახელფასო დანამატების საკითხი და ბევრი სხვა, მაგრამ გარკვეული ტენდენცია იმისკენ, რომ იმედი ჰქონდეს ხალხს, ეს არის", - განაცხადა არეშიძემ.
მისივე თქმით, მინუსებიც ბევრია, მათ შორის სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული.
„მურუსიძის თემა ჩემთვის მძიმე მოსასმენია, რადგან ვთვლი, რომ მისი ფაქტორის ახსნაც კი არ არის საზოგადოებისთვის მისაღები. ამიტომ ამ ნაწილში ვერ დავეთანხმები ბიძინა ივანიშვილს. თუმცა ვხედავ, რომ ეკონომიკის მხრივ არის ტენდენციები და კარგი ბაზა იმისთვის, რომ მომავალში უკეთესი ნაბიჯები გადაიდგას", - განაცხადა არეშიძემ.
მისივე თქმით, ხელისუფლება პოლიტიკური თვალსაზრისით მანევრის საშუალებას რომ იტოვებს და მრავალვექტორიან პოლიტიკას ატარებს, ეს ამ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში მომგებიანია.
„არის მინუსები, რომელზეც განსაკუთრებული ყურადღება არ მახვილდება, სამწუხაროდ. ეს არის სამართლიანობის აღდგენის პროცესი, ასევე სოციალური უზრუნველყოფის კუთხითაც ბევრი რამ არის გადასახედი, მაგრამ ვფიქრობ, რომ აქაც არსებობს ტენდენია უკეთესობისაკენ", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.