logo_geo
eng_logo
სამი პირის განზრახ მკვლელობაში და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ბრალდებულს 18 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- +

7 ნოემბერი. 2019. 13:08

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ სამი პირის განზრახ მკვლელობაში, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა და ტარებაში, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ბრალდებული დ.ბ. დამნაშავედ ცნო.

 

„სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ დ.ბ.-მ 2004 წლის 8 იანვარს, თ.კ.-ს მისი და  მისი ოჯახის წევრების მკვლელობის მუქარით ყოველთვიურად 100 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა, რაზეც თ.კ.-მ კატეგორიული უარი განუცხადა. აღნიშნულის გამო დ.ბ.-მ 2004 წლის 10 იანვარს, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად, თ.კ.-ს ორი ჭრილობა მიაყენა და   შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ 2004 წლის 1 აპრილს, ქ. თბილისში, მუხიანის 4ა მ/რ-ში დ.ბ.-ს, რომელიც სამ პიროვნებასთან ერთად იმყოფებოდა, კონფლიქტი მოუვიდა გ.დ.-სთან, რომელსაც მეგობრები - მ.ს. და უ.მ. ახლდნენ. კონფლიქტი ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც დ.ბ.-მ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან, მისმა თანამზრახველებმა კი სხვადასხვა სისტემის ცეცხლსასროლი იარაღებიდან გასროლით გ.დ.-ს, მ.ს.-ს და უ.მ.-ს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიღებული ჭრილობების შედეგად სამივე პირი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

 

ვინაიდან დ.ბ. მიემალა გამოძიებას, მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ა“ და „თ“  (ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად (ძვ. რედ.)) ქვეპუნქტებით,  117-ე მუხლის II ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ანგარებით ან შეკვეთით (ძვ. რედ.)) და 236-ე მუხლის I და  II ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება (ძვ. რედ.)).

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ძებნილი დ.ბ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ყველა ბრალდებაში და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მას საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. დ.ბ.-ს მიმართ გამოცხადებულია ძებნა და ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით“, - ნათქვამია გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner