logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: რუსეთი ავრცელებს დეზინფორმაციას NATO-საქართველოს ურთიერთობებზე
- +

7 ნოემბერი. 2019. 15:15

 

„რუსეთი ავრცელებს დეზინფორმაციას NATO-საქართველოს ურთიერთობებზე. ჩვენ ამ ყველაფერს უნდა დავუპირისპირდეთ“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

 

პანელის მოდერატორის, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ელიზაბეთ რუდის კითხვაზე, რას აკეთებს საქართველო, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ მოსახლეობის ნდობა გაამყაროს, ღარიბაშვილმა რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელებაზე ისაუბრა და ამასთან საბრძოლველად საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

 

„რუსეთი იყენებს ძალიან დახვეწილ ჰიბრიდულ მეთოდებს, ავრცელებენ დეზინფორმაციას NATO-საქართველოს ურთიერთობებზე, რათა საზოგადოება კვებონ ამ ყალბი ინფორმაციით. აჩვენონ, რომ NATO-საქართველოს ურთიერთობებს მომავალი არ გააჩნია. ჩვენ ამ ყველაფერს უნდა დავუპირისპირდეთ. იდეა გახლავთ ასეთი, რომ თავდაცვის სამინისტროს 17 ყველაზე თანამედროვე ოფისს გავხსნით ყველა რეგიონში, რაც პირველ რიგში ვფიქრობ, რომ ინფორმირებულობის დონეს და სამხედრო სამსახურის პოპულარობას გაზრდის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

ღარიბაშვილის თქმით, ახალგაზრდები ნაკლებად ინტერესდებიან თავდაცვის ძალებში მსახურობით და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება და მეტი პოპულარიზაცია ამ საკითხებს გადაჭრის.

 

„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თავისებურ ყოყმანს ვხედავ ახალგაზრდა თაობაში, ჯარში მსახურებასთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა მოვამზადოთ ინფრასტრუქტურა, განვაახლოთ ყაზარმები, განვავითაროთ სამხედრო ინფრასტრუქტურა, რათა გავზარდოთ ჯარისკაცების ცხოვრების დონე. ასევე ეს იქნება ძალიან კარგი მოტივაცია ახალგაზრდა თაობისთვის, რომ მოვიდეს ჯარში ყოყმანის გარეშე.

 

მე მაქვს იდეა, ამაზე ვმუშაობთ და განხორციელებას შემდეგი წლიდან დავიწყებთ. გვინდა შევქმნათ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლობა ყველა რეგიონში. აქ საინფორმაციო კომპონენტს ჩავრთავთ, რომ მოსახლეობას პირდაპირი წვდომა ჰქონდეთ ინფორმაციაზე რეფორმების შესახებ, რომლებსაც თავდაცვაში ვახორციელებთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner