ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
რა გავაკეთე, ან, რა გავაფუჭე?!
************************************
1951 წლის ზაფხულში, სტალინი, ცოტა ხნით, დასასვენებლად ეწვია საქართველოს...
მედიაში არაერთხელ გაჟღერდა ქართული შემოქმედებითი ინტელიგენციის, პარტიული მაღალჩინოსნების და მისი ბავშვობის მეგობრების მოგონებები ამ ისტორიული ფაქტის შესახებ.
საინტერესოა ამ შეხვედრების ზოგიერთი დეტალი, რომელიც არ მოხვედრილა მემუარულ ლიტერატურაში.
ერთ-ერთი ეხება გარდაცვლილ ძველ რევოლუციონერს, რკინიგზის სახელოსნოების (შემდგომ, ორთქმავალ - ვაგონშემკეთებელი ქარხანა) მუშას, რომელიც ბელადმა განსაკუთრებული სითბოთი მოიგონა. საუბრის დასასრულს მან იკითხა, თუ დარჩა ვინმე ოჯახის წევრი ან ახლობელი ამ ღირსეულ და დამსახურებულ კაცსო...
გასაკვირი არ იყო, რომ დამსწრეთაგან ვერავინ გასცა ზუსტი პასუხი ამ შეკითხვას, მაგრამ...
დილით, საუზმისას ბელადს მოხსენდა, რომ მის გარდაცვლილ თანამებრძოლს დარჩა ძმისშვილი, რომელიც იმხანად იმავე ქარხნის მოწინავე ხარატი გახლდათ. სტალინმა კვლავ არ დაიშურა თბილი სიტყვები წარსულის მეგობრის მიმართ და მიანიშნა, რომ ასეთი ადამიანების ოჯახებს მეტი ყურადღება ჭირდებათ, შთამომავლობას კი ხელშეწყობა პროფესიული თუ კულტურული ზრდისთვის.
ეს მინიშნება, რა თქმა უნდა, დირექტივად იქნა აღქმული და...
სულ მალე ძველი რევოლუციური ოჯახის სისხლის და ხორცის აღმასვლაც დაიწყო, მით უფრო, რომ მისი შრომითი საქმიანობა და წესიერება იძლეოდა სამართლიან საბაბს, ქვეყანას სამაგალითოდ მოვლენოდა მუშათა კლასიდან დაწინაურებული ახალი საზოგადოებრივი ფიგურა.
ამ პროცესს დრო დაჭირდა ერთ წელიწადში ეს ხარატი საქართველოს პროფკავშირების ლიდერადაც "აკურთხეს".
არ გასულა ახალ ამპლუაში ყოფნის ორიოდე თვეც კი და ყველასთვის მოულოდნელად სტალინი გარდაიცვალა.
ბერიას მითითებით და მისივე კონტროლით საქართველოში უმალ დაიწყო სტალინის დაწინაურებული კადრებისგან განთავისუფლება, ანუ, ანგარიშსწორება.
სამ თვენახევარში ბერიაც დახვრიტეს და ხრუშჩოვის მიერ დანიშნულმა ახალმა ხელმძღვანელობამ სტალინური კადრების "წმენდას" ბერიასეულიც მიაყოლა თან.
და, რა თქმა უნდა, გაიხსენეს სტალინის მინიშნების შედეგად დაწინაურებული ის ყოფილი კარგი ხარატი, რომლის მოხსნაც ბერიას "მრევლმა" უბრალოდ ვერ მოასწრო...
ერთი სიტყვით, დადგა მისი თავიდან მოშორების ჯერიც.
კომპარტიის ცეკას ბიუროზე, რომლის წევრიც ყოფილი ხარატი უკვე გახლდათ, მას გამოუცხადეს, რომ უნდა დატოვოს თანამდებობა. ეს კი უთხრეს, მაგრამ მიზეზს ვერავინ ამბობს: როგორი სათქმელია, იმიტომ გხსნით, რომ სტალინი იყო შენი რეკომენდატორიო...
ყოფილმა ხარატმა დამუნჯებულ და უხერხულობაში ჩავარდნილ კოლეგებს თავად გასცა პასუხი:
რატომ მხსნით, ამ ორ-სამ თვეში რა გავაკეთე, ან, რა გავაფუჭეო!
გეყურებათ - რა გავაკეთე, ან, რა გავაფუჭეო!!!
ხარხარში გადაზრდილი სიცილი და... ყოფილი ხარატი დატოვეს თანამდებობაზე. რამდენიმე წელს იმუშავა, მერე კიდევ უფრო მაღლა გადაიყვანეს იმ შენობაში, ახლა რომ პარლამენტია.
დიდი კაბინეტის უკან ოთახი იყო, სადაც იდგა პატარა ჩარხი და ახლა უკვე ძალიან დიდი მაღალჩინოსანი "თავისუფალ" დროს ჩხირკიდელაობდა რაღაც-რაღაცეებს ამ "პროდუქციას" სიამოვნებით ჩუქნიდა თავის იშვიათ სტუმრებს...
მართლა კარგი კაცი იყო მიხეილ ლელაშვილი, საბჭოთა საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილე (ახლანდელი გაგებით, საქართველოს ვიცე-პრეზიდენტი).
რამ გამახსენა 73 წლის წინანდელი ეს ისტორია?
რამ და ყოველივე ეს გონებაში ამოტივტივდა მაშინ, როცა გავიგე, თანამდებობა მოულოდნელად დაუტოვებია განათლების, კულტურის და კიდევ რაღაცეების მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს.
ჰოდა, უმალ გამახსენდა ზემოთ მოტანილი ისტორიის გმირის -ყოფილი ხარატის, უპატიოსნესი და უკეთილშობილესი კაცის საპასუხო შეკითხვა, როცა მოთხოვეს ნებით თანამდებობის დატოვება: ამიხსენით, რა გავაკეთე ან რა გავაფუჭეო?
არა მგონია რაიმე მსგავსი შეკითხვა დაესვა წესიერ, კეთილშობილ კაცად ცნობილ ბატონ მიხეილ ბატიაშვილს იმ მომენტში, როცა პრემიერს მიმართა პოსტიდან ნებაყოფილობით, "საკუთარი განცხადებით"(!!!) გადადგომის თხოვნით.
მაგრამ ვისურვებდი, რომ მინისტრობის (დეპუტატობის, მერ - გამგებლობის და ა.შ) კანდიდატებმა დანიშვნამდე გაიაზრონ საკუთარი შესაძლებლობები და...
აი, მაგ კრიტიკულ მომენტში, როცა გთავაზობენ "ხელმწიფისხელა" პოსტს, გაბედე და საკუთარ თავს დაუსვი ერთი "მძიმე" შეკითხვა...
იკითხავთ, როგორი?
დავესესხები მეოცე საუკუნის ერთ ბუმბერაზ კაცს და ჩვენ თემას რომ მიესადაგება, ერთ ღიმილიან 70-წლოვან ისტორიასაც გავიხსენებ: მეცნიერებათა აკადემიაში არჩევნებისას ცეკას დავალებით "გააშავეს" დიდი ქართველი მოაზროვნე შალვა ნუცუბიძე.
მეორე დღეს დედაუნივერსიტეტის ერთმა "მეგობარმა" პროფესორმა, რომელიც სწორედ ამ არჩევნებისას და სწორედ ცეკას პროტექციით "გაძვრა" აკადემიაში, დამცინავად გაკენწლა ბატონი შალვა: რაო, ნუცუბიძე, რატომ არ აგირჩიეს აკადიკოსადო?
ბატონმა შალვამ ყველას გასაგონად მოუჭრა: უმჯობესია შეგეკითხონ რატომ არ აგირჩიეს, ვიდრე გაკვირვებით გკითხონ, რატომ აგირჩიესო!!!!
გეყურებათ მომავალო კანდიდატებო: დროულად იკითხეთ: რატომ მნიშნავენ.ამ თანამდებობაზე?
ასე არ ჯობს ქვეყნისთვის და თანამდებობის მაძიებლისთვისაც, ჩემო კუკური?!