logo_geo
eng_logo
თინა ხიდაშელმა იმედი გამოთქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო დროულად გამოიძიებს ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებულ თავდასხმას
- +

28 თებერვალი. 2016. 00:41


 "TV პირველის" ეთერში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა იმედი გამოთქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო დროულად გამოიძიებს ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებულ თავდასხმას და დამნაშავეები უმკაცრესად დაისჯებიან. მისი თქმით სუს-ის მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ ადამიანებს შუა ქუჩაში და შუადღეზე ცეცხლსასროლი იარაღით თავს არ ესხმიან.



"ალექსი პეტრიაშვილის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და იმედი მაქვს, რომ ეს ასეც იქნება და ის ძალიან სწრაფად დაუბრუნდება თავის ოჯახს, მეგობრებს და საზოგადოებას. ნამდვილად გიდასტურებთ, რომ ეს არის ძალიან შემაშფოთებელი ფაქტი, მაგრამ არა იმიტომ, რომ პოლიტიკური პარტიის ლიდერზე ხდება თავდასხმა, საერთოდ, როდესაც ქუჩაში, დღისით, მზისით ასეთი თავდასხმა ხდება, უკვე ძალიან შემაშფოთებელია. მე დიდი იმედი მაქვს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო სწრაფად გასცემს პასუხს ამ სრულიად თავხედურ და ცინიკურ ქმედებას, რომლის მოწმეები ჩვენ ყველა გავხდით.

 

ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რომ ძალიან სწრაფი და უმკაცრესი იყოს პასუხი თავად ამ დანაშაულის ჩამდენების მიმართ და ასევე ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვისაც შეიძლება ასეთი ტიპის მოქმედებებმა არასწორი აზრები გაუჩინოს, რომ რა მოხდა ახლა, დიდი ამბავი, შუა დღეს იარაღით თუ ირბენ და მკვლელობის მცდელობას განახორციელებ. ეს არის ძალიან მძიმე, მაგრამ საპასუხისმგებლო მისია შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, რომ მყისიერად მოხდეს ამ ადამიანების პასუხისგებაში მიცემა. დღევანდელი ფაქტი არის პასუხი თქვენს კითხვაზე, რომ სუსის თვალთვალის ქვეშ მყოფ ადამიანებს შუა ქუჩაში და შუა დღეზე ცეცხლსასროლი იარაღით თავს არ ესხმიან, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამ ძალიან ტრაგიკულმა შემთხვევამ, რაც დღეს მოხდა, ამ კითხვას პასუხი გასცა", - განაცხადა  ხიდაშელმა.




წყარო: „ინგა გრიგოლიას დღის ამბები"


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner