11 ნოემბერს საქართველოს ვიზიტით ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი ეწვევა, რაც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს მოახლოებულ თავჯდომარეობას უკავშირდება.
ვიზიტის ფარგლებში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნი შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართავს. მხარები განიხილავენ საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებს. ასევე, საუბარი შეეხება საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებს.
ვიზიტის დროს დაგეგმილია ევროპის საბჭოს 70 წლისთავისა და ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლისთავთან დაკავშირებით შექმნილი საიუბილეო მონეტის პრეზენტაცია და გაიმართება საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წ.წ. სამოქმედო გეგმის ოფიციალური პრეზენტაცია.
2020-2023 წ.წ. სამოქმედო გეგმა ევროპის საბჭოსა და ქართული მხარის აქტიური თანამშრომლობით მომზადდა და მიზნად საქართველოს ევროპულ სტანდარტებთან ადამიანის უფლებათა დაცვის, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის მიმართულებით კიდევ უფრო მეტად დაახლოებას ისახავს.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელთან გამართავს.