ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ვიზიტორთა ცენტრის შენობა გაიხსნა, რომელიც ფონდ „ქართუს“ ხელშეწყობით აშენდა. ფონდმა „ქართუმ“ ბათუმის ბოტანიკურ ბაღში 2005 წლიდან დღემდე, სხვადასხვა სახის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, რომელთა ჯამური ღირებულება 12 000 000 ლარს აჭარბებს.
ახალი ინფრასტრუქტურის გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ფონდი „ქართუს“ აღმასრულებელ დირექტორთან ნიკოლოზ ჩხეტიანთან და მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონული მიმართულების სამსახურის ხელმძღვანელთან სოზარ სუბართან ერთად დაესწრო.
ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა 2018 წელს დაიწყო. ახალაშენებული ცენტრი სრულად პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. პროექტის თანახმად, მოეწყო მოსასვენებელი ოთახები, ბარგის შესანახი განყოფილება, საინფორმაციო სტენდები, სალარო და ასევე ორდონიანი ავტოსადგომი ვიზიტორებისთვის.
ღონისძიებას საქართველოს და აჭარის საკანონმდებლო, აღმასრულებელი, ბათუმის მერიის, საკრებულოს და მუნიციპალური ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ამ წლების განმავლობაში ფონდ „ქართუს“ მიერ ბათუმის ბოტანიკურ ბაღში კეთილმოეწყო გზები, გაკეთდა სანიაღვრე არხები და საყრდენი კედლები, მოხდა ენერგომომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია, მცენარეთა კოლექციის შევსება უნიკალურ ჯიშებით, განხორციელდა ბაღის წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა ბაღის ადმინისტრაციას, ბაღის მთლიანი პერიმეტრი შემოიღობა კაპიტალურად.
ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მცხოვრები 42 ოჯახისათვის ქალაქ ბათუმში აშენდა 5-სართულიანი კეთილმოწყობილი საცხოვრებელი სახლი.