„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისი გაჩნდა საერთაშორისო ინოვაციების რუკაზე. სან-ფრანცისკოს, ლონდონისა და ბარსელონას შემდეგ, მასშტაბური ფორუმი სწორედ საქართველოს დედაქალაქში ტარდება. ეს თქვენი დამსახურებაა და ამას გილოცავთ“, - ასე მიმართა Startup Grind Europe-Asia Connect-ის ქართველ მონაწილეებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ფორუმის ოფიციალურ გახსნაზე გამოსვლისას.
მინისტრის განცხადებით, საქართველო აშენებს ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებულ ეკონომიკას, ეს ვლინდება თუნდაც იმ საერთაშორისო შეფასებებში, რაც აღნიშნულ პოლიტიკასთან მიმართებაში არსებობს.
„გლობალური ინოვაციურობის რეიტინგში 48-ე ქვეყანა ვართ, მოვხვდით ტოპ 50-ში, რაც ძალიან კარგი მიღწევაა, ჩვენ მუდმივად აქცენტს ვაკეთებთ ახალი ტექნოლოგიების, ინოვაციების, სტარტაპების განვითარებაზე, მათ შორის არის ფინანსური მხარდაჭერა, სტარტაპების და ინოვაციების ეკოსისტემის მხარდაჭერა და სწორედ ამის გამო ხდება, რომ ასეთი მასშტაბური, რეგიონული ღონისძიებები იმართება საქართველოში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
მისი თქმით, კარგია, რომ ამ ფაქტმა საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა და სწორედ ეს მნიშვნელოვანი, რეგიონული საერთაშორისო ღონისძიება, როგორიც არის Startup Grind ევროპისა და აზიის კავშირი, ამის დასტურია.
Startup Grind-ის რეგიონული ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით იმართება და მას 1 500-ზე მეტი მონაწილე ესწრება.
ორი დღის განმავლობაში ტექნოლოგიური კონფერენციის სპიკერები იქნებიან ისეთი კომპანიების დამფუძნებლები და წარმომადგენლები, როგორიც არის: Google, Glovo, 500 Startups Fintech Fund, Picsart, Garage Ventures, Shift, Nexus Partners და სხვა. ასევე, ანტრეპრენერები, ტრენერები და ინვესტორები ევროპიდან და აშშ-დან. ღონისძიება მოიცავს მრავალფეროვან სესიებსა და ფორმატებს, რომლებიც დამსწრეებს ევროპის მასშტაბით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში ახალ მიღწევებს გააცნობენ.
Startup Grind-ის რეგიონული ღონისძიება თავს უყრის მსოფლიოს წარმატებულ სტარტაპებს, ტექნოლოგიების სფეროში მოქმედ კომპანიებსა და ექსპერტებს იმისთვის, რომ რეგიონი მიმზიდველი გახადოს მსოფლიოს წარმატებული ბიზნესებისთვის, ხელი შეუწყოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვას, ქართული და რეგიონალური კომპანიებისა და სტარტაპებისთვის ახალი კავშირების დამყარებას და გამოცდილების გაზიარებას.
Startup Grind-ის ტექნოლოგიური სამიტი ახალი შესაძლებლობაა ქართული და რეგიონალური კომპანიებისა და სტარტაპებისთვის ახალი კავშირების დასამყარებლად და გამოცდილების გასაზიარებლად.