„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი“ ეს არის საქართველოს ფანჯარა, საქართველოს კარიბჭე მომავალში, რადგან მომავალი არის განათლების, განათლებული ადამიანებისა და განათლებული ერების“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, ქუთაისის უნივერსიტეტი არის ქართველი ერის შესაძლებლობა, დაიმკვიდროს ადგილი ცივილიზებულ ერებს შორის მომავლის მსოფლიოში.
„ჩვენ ამის შესაძლებლობა გვაქვს. შესაძლებლობას კი, დამატებით სჭირდება ხოლმე ბიძგი და სწორედ ეს ბიძგი მისცა ბიძინა ივანიშვილმა და ფონდმა „ქართუმ“ ამ უზარმაზარი ინვესტიციით. ერთი მილიარდი, ეს თავისთავად დიდი თანხაა, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ამაში ჩართული არიან ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტები, საუკეთესო პროფესორები. მათთან ერთად ხდება ამ უნივერსიტეტის დაგეგმარება და შემდგომ ფუნქციონირებაც მათთან ერთად იქნება“, - განცხადა პრემიერის მრჩეველმა.
ამასთან, მისი თქმით, დასრულების შემდეგ უნივერსიტეტი სახელმწიფოს გადაეცემა.
„რაც ყველაზე მთავარია, როცა დამთავრდება ის, გადაეცემა სახელმწიფოს უსასყიდლოდ, მაგრამ თანხები, რაც ოპერირებისთვის იქნება საჭირო, გაღებული იქნება ისევ და ისევ ფონდი „ქართუს“ მიერ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ Facebook-გვერდზე დღეს გამოქვეყნდა ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და ,,ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ დამფუძნებლის, ეკატერინა ხვედელიძის ინტერვიუ. ინტერვიუში საუბარია, როგორ გაჩნდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეა, როგორი იქნება საუნივერსიტეტო ქალაქი და რით იქნება ის გამორჩეული.