NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველო NATO-ს მნიშვნელოვანი პარტნიორია.
იენს სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა საქართველოს წვლილს საერთაშორისო მისიებში და აღნიშნა, რომ ქართველი სამხედროები NATO-ს კოლეგებთან ერთად მხარდამხარ იბრძვიან.
„მადლობას ვუხდი ქართველ ხალხს ამ მისიებში კონტრიბუციისთვის.
საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა. საქართველო უახლოვდება NATO-ს", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგმა NATO-საქართველოს თანამშრომლობა მიმოიხილა და არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაზე, ასევე საწვრთნელი ცენტრის მუშაობაზე ისაუბრა.
„ეს NATO-ს ძლიერი მხარდაჭერის სიგნალია. NATO საქართველოსთვის დახმარების გაგრძელების ერთგულია", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის NATO-ს წევრობა არის ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.
„ჩვენ ვისაუბრეთ ვარშავის სამიტზე და თანამშრომლობის ფორმებზე, რომლებსაც ამ სამიტზე მივაღწევთ",- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისი თქმით, შეხვედრაზე მან NATO-ს გენერალურ მდივანს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ადმინისტრაციულ საზღვრებზე არსებული ვითარების შესახებ.
„ჩვენ ევროატლანტიკური ინტეგრაციის დემოკრატიული პროცესების გაგრძელების ერთგული ვართ. საპარლამენტო არჩევნები გახდება კიდევ ერთი ნაბიჯი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.