„ასეთი სახის აგრესიის გამოხატვა სრულიად მიუღებელია. სახელმწიფოს მოვალეობაა სათანადო რეაგირება და სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე პასუხისმგებლობის უზრუნველყოფა, რაც უკვე მოხდა და ასევე გაგრძელდება მიმდინარე გამოძიების ფარგლებში“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ კინოთეატრებში ჩვენებისას განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, ნებისმიერი სახის ძალადობა დასაგმობია.
„ნებისმიერი სახის ძალადობა მიუღებელია და, რა თქმა უნდა, დასაგმობია. მინდა მადლობა გადავუხადო პოლიციელებს იმისთვის, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში იცავდნენ ჩვენი თანამოქალაქეების სიმშვიდეს. შესაბამისი რეაგირება იყო ძალადობის ფაქტებზეც, 27 დაკავებული საკმაოდ დიდი რაოდენობაა. პარალელურად მიმდინარეობს გამოძიება და უნდა ველოდოთ შესაბამის რეაგირებას. ასეთი სახის აგრესიის გამოხატვა სრულიად მიუღებელია, ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც ძალიან მკაფიოდ არის დაცული გამოხატვისა და აზრის თავისუფლება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ტრადიციული ფასეულობების დაცვა, ქრისტიანული ტოლერანტობის და ადამიანის თავისუფლების პატივისცემა, რაც ჩვენი კულტურის ნაწილია“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.