„ნებისმიერი თუნდაც პატარა ნაბიჯი, გადადგმული ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის უნდა ახარებდეს ჩვენს მოქალაქეებს - ეს არის ჩვენი ფონდის საქმიანობის ძირითადი პრინციპი", - განაცხადა ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკო ჩხეტიანმა საგურამოში, მუნიციპალური პარკის გახსნაზე.
მისი თქმით, ამ პროექტში „ქართუს“ ინვესტიცია დაახლოებით ერთი მილიონი ლარია.
როგორც ნიკო ჩხეტიანმა აღნიშნა, საგურამოს ამ ტერიტორიაზე ათწეულების განმავლობაში ცუდი მდგომარეობა იყო. საბჭოთა დროიდან იდგა სამხედრო ნაწილი, შემდეგ სამხედრო გადამზადების ცენტრი იყო.
„აქ იყო სრული ანტისანიტარია. ყველაფერი დაიწყო 2017 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ეწვია აქაურობას და გულისტკივილი გამოთქვა, თუ რა დღეში იყო. ამის შემდეგ პარკის მშენებლობაში ჩაერთო „ქართუ“ და იზრუნა იმაზე, რომ მოეწყო მუნიციპალური პარკი - სპორტული და დასვენების სივრცე. აქ არის ამფითეატრი, რომელიც სკოლას შეუძლია გამოიყენოს თავისი მიზნებისთვის. დღეს ასევე გაიხსნა დიდი ქართველის, დავით გურამიშვილის ძეგლი, რომელიც კონკურსის წესით შეირჩა.
ჩვენ გვერდში ვუდგავართ სახელმწიფოს იქ, სადაც მას უჭირს და არ აქვს დროებით შესაძლებლობა, რომ თვითონ მიხედოს ამა თუ იმ საქმეს. ნებისმიერი თუნდაც პატარა ნაბიჯი, გადადგმული ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის უნდა ახარებდეს ჩვენს მოქალაქეებს. ეს არის ჩვენი ფონდის საქმიანობის ძირითადი პრინციპი. დღეს აქ უამრავი ბავშვი თამაშობს და დამსვენებელი და დამთვალიერებელი მოდის, ჩვენთვის ყველაზე დიდი მადლობა არის სწორედ ეს, რომ ჩვენი გაკეთებული პროექტი საჭიროა მოსახლეობისთვის და ის მას იყენებს. ეს არის თქვენი, საგურამოელების ახალი ეზო - ეს არის თქვენი ეზო, რომელსაც თქვენ უნდა მოუაროთ, სადაც თქვენმა ბავშვებმა უნდა ითამაშონ. ყველანი ერთად უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა ნიკო ჩხეტიანმა.
ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით, დაბა საგურამოში ორ ჰექტარზე გაშენებულ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ადგილზე მოეწყო საბავშვო სივრცე, ამფითეატრი და სათამაშო მოედანი. სკვერის ტერიტორიაზევე დაიდგა დავით გურამიშვილის ძეგლიც.