გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მეცნიერების საერთაშორისო დღის აღნიშვნას უერთდება. სოფლის მეურნეობაში ახალგაზრდა კადრების მოძიების და ჩართვის მიზნით სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული და მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტების სტუდენტებს ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების და წილკნის ერთწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზებზე უმასპინძლა. ახალგაზრდები ცენტრის საქმიანობას და საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიას გაეცნენ, ჯიღაურას ვაზის ქართული და უცხოური ჯიშების კოლექციები დაათვალიერეს და ბაზაზე გაშენებული ვაზის ქართული იშვიათი ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები დააგემოვნეს. სტუდენტებმა ვირუსოლოგიისა და ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის ლაბორატორიები დაათვალიერეს და მიმდინარე კვლევებს გაეცნენ.
UNESCO 2001 წლიდან აღნიშნავს მეცნიერების საერთაშორისო დღეს, რომლის მიზანიც საზოგადოების და მეცნიერების დაახლოება, მეცნიერებაში არსებული სიახლეების შესახებ მოქალაქეების მაქსიმალური ინფორმირება და საზოგადოების ცხოვრებაში მეცნიერების როლის ხაზგასმაა.