ავტორი ალა გრიგალაშვილი
„ბიძინა ივანიშვილის გამოსვლები საზოგადოების ნაწილზე დამამშვიდებელი წამალივით მოქმედებს", - ამის შესახებ დეპუტატმა თეიმურაზ ჭკუასელმა „რეპორტიორს" განუცხადა. მისი თქმით, ყოფილი პრემიერის გააქტიურება და საზოგადოებასთან კომუნიკაცია საჭიროა. პარლამენტარის შეფასებით, ყოფილი პრემიერი სწორად განსაზღვრავს პროცესებს და ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე სათანადო ანალიზს აკეთებს.
ჭკუასელის თქმით, გუშინდელ პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილი საუბრობდა, როგორც „ქართული ოცნების" მხარდამჭერი, და არა როგორც არაფორმალური მმართველი, როგორც ამას მისი ოპონენტები ამბობენ.
„როგორ დავაჯერო საზოგადოება, რომლის ერთმა ნაწილმა უკვე ძალიან კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი არ ერევა ქვეყნის მართვაში, გადაწყვეტილების მიღებაში. მას არაერთხელ უთქვამს და ასეცაა, რომ გადაწყვეტილებებს მიიღებს გიორგი კვირიკაშვილი, როგორც მთავრობის მეთაური. ის მართლა არ ერევა იმ გადაწყვეტილებებში, რაც გიორგი კვირიკაშვილის პრეროგატივაა", - განაცხადა დეპუტატმა.
რაც შეეხება ეკონომიკურ მდგომარებასთან დაკავშირებით ივანიშვილის მოსაზრებას, რომ ამ მხრივ, ქვეყანაში მძიმე ვითარებაა, ჭკუასელი ეთანხმება და ამბობს, რომ ამ კუთხით მუშაობა გასაგრძელებელია, რისთვისაც, დეპუტატის თქმით, მინიმუმ 4 წელია საჭიროა.
„ძალიან ბევრი ბიზნესმენი ჩემთან მოდის და მესაუბრება, რომ ის კურსი და ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მართავს ქვეყანას, უნდა იყოს შენარჩუნებული მინიმუმ 4 წელიწადი. მათი შეფასებით, ეს ქვეყნისთვის ძალიან კარგია. ჩვენ გვჭირდება მინიმუმ 4 წელი, რომ კურსი, რომელიც აღებული აქვს მმართველ ძალას, უნდა გაგრძელდეს. პირადად ჩემს მაგალითს გეტყვით, ძალიან ბევრი პროექტი მაქვს დაწყებული გურიაში და სურვილი მაქვს, ბოლომდე მივიყვანო..." - განაცხადა ჭკუასელმა.