„თუ რაღაცაზე შეთანხმდნენ, რატომ ფიქრობთ, რომ მაინცდამაინც საქართველოს საწინააღმდეგო რაღაც თემებზე შეთანხმდნენ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ის რითაც ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებას გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის თაობაზე.
„ვუშვებ, რომ ასეთი შეხვედრა შედგა, თუმცა რაღაც კონსპირაციაზე მინიშნება და რაღაც საიდუმლო საუბრების თემაზე მინიშნება ვფიქრობ, არც ღირსეული განცხადება არ არის და არც რაიმე ისეთს შეიცავს, რომელიც საზოგადოებისთვის შეიძლება სკანდალური იყოს“, - აცხადებს ვოლსკი.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს არ ახასიათებს ისეთი განცხადებების გაკეთება ან საუბრების ჩატარება, რომელიც რაიმე სახით ან ელემენტარულად მაინც უპირისპირდება იმ ინტერესს, რაც ჩვენ ქვეყანას გააჩნია.
„თუ რაღაცაზე შეთანხმდნენ, რატომ ფიქრობთ, რომ მაინცდამაინც საქართველოს საწინააღმდეგო რაღაც თემებზე შეთანხმდნენ“, - განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ლევან ვასაძემ გუშინ განაცხადა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს. ვასაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს „არ აქვს უფლება ქვეყნის მმართველი იყოს“. ამასთან, როგორც ვასაძე აცხადებს, ივანიშვილსა და მას შორის შეხვედრა შედგა, თუმცა იგი ამ შეხვედრის შინაარს არ აკონკრეტებს.