„ჩვენ გვინდოდა, რომ საქართველოში გაჩენილიყო ადგილები, სადაც ვერავინ ვერც კი იფიქრებს, რომ რაიმე სახის მშენებლობა წამოიწყოს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „თბილისი ჰილსში“ გამართულ ღონისძიებაზე- „პარლამენტის მწვანე ინიციატივები“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ გვახსოვს, რომ წითელი ხაზები იყო ასოცირებული აკრძალვასთან, მაგრამ ჩვენ გვინდოდა, რომ აკრძალვა პოზიტიური ყოფილიყო და საქართველოში გაჩენილიყო ადგილები, სადაც ვერავინ ვერც იფიქრებს, რომ რაიმე სახის მშენებლობა წამოიწყოს და გაჩნდეს ასეთი ზონები. მწვანე ხაზები იქნება ასეთი ტერმინი, რომელიც იქნება პოზიტიური აკრძალვა. ჩვენი შვილებისთვის ეს იქნება დიდი საჩუქარი, როდესაც მათ ეცოდინებათ, რომ ტერიტორიები იქნება სულ მწვანე და იქ არასდროს არავინ არაფერს ააშენებს. ასევე, რამდენიმე ხნის შემდეგ, საშემოდგომო სესიის დასაწყისში, არჩილ თალაკვაძემ ჩაატარა ბრიფინგი, სადაც თქვა, რომ პარლამენტს ექნება 10 გამოწვევა და ჩვენ საზოგადოებას ანგარიშს ჩავაბარებთ სესიის ბოლოს და მათში იქნება ერთ-ერთი ინიციატივა, რომელიც კახა კუჭავას, ჩვენი მთავრობის წარმომადგენლების ჩართულობით იქნა დამუშავებული. ჩვენ ძალიან მალე დავაინიცირებთ ამ კანონპროექტს, „მწვანე ხაზები“ - ახალი ტერმინი, ახალი უზრუნველყოფა ჩვენი შვილების კარგი მომავლის და სუფთა გარემოსთვის“, - განაცხადა მდინარაძემ.