„უნდა გავუფრთხილდეთ ადამიანს, ყოველი ადამიანი ერთი იბადება დედამიწაზე, უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაზე ძვირფასი საუნჯე არის ადამიანი“, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
„გიფიქრიათ იმის შესახებ, ყველაზე ძვირფასი საუნჯე რა არის ქვეყანაზე? ზოგს მიაჩნია სიმდიდრე, ზოგს მიაჩნია ფული, ძვირფასეულობა, მაგრამ სინამდვილეში ეს სიმდიდრე აცილებს ადამიანს სამარის კარამდე. ყველზე ძვირფასი საუნჯე დედამიწაზე არის ადამიანი. დაიმახსოვრეთ ეს - ყველაზე ძვირფასი საუნჯე დედამიწაზე არის ადამიანი. ილია ჭავჭავაძემ გამოთქვა შესანიშნავი სიტყვები: „მამული, ენა სარწმუნოება“. მე ცოტა სხვანაირად გამოვთქვი-ღმერთი, სამშობლო და ადამიანი. ადამიანს უნდა გავუფრთხილდეთ, ადამიანი ყველაზე ძვირფასი საუნჯეა დედამიწაზე. ღმერთი გვაძლევს ჩვენ სიბრძნეს, სიმშვიდეს, ღმერთი გვაძლევს ჩვენ ყოველივე სიკეთეს. დავით წინასწარმეტყველი ამბობს: წყალობა შენი უფალო, თანამავალ ვიყავნ მე, ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩვენისათა.
უნდა გავუფრთხილდეთ ადამიანს, ყოველი ადამიანი ერთი იბადება დედამიწაზე, უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაზე ძვირფასი საუნჯე არის ადამიანი. ჩვენ უნდა ვეძებოთ ადამიანებს, რომლებიც სამშობლოსთვის თავდადებულები არიან. ჩვენ გვახასიათებს ერთი რამ, ჩვენ არ ვაფასებთ ადამიანს, ჩვენ არ გვესმის, როგორი დიდი საუნჯე არის თითოეული თქვენთაგანი.
დღეს მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ადამიანი ქმნის ისტორიას, ნიჭიერი ადამიანი ქმნის ისტორიას, დიდი ბრიტანეთის ცნობილი პრემიერ-მინისტრი ამბობს: ადამიანი ქმნის, ისტორია თავისთავად კი არ მოდის, გავუფრთხილდეთ ადამიანს. ჩვენ ძალიან ზერელედ ვუყურებთ ადამიანის არსებობას. ქართველი ადამიანი არ აფასებს ნიჭიერ პიროვნებებს. უფრო სწორედ არ აფასებს კი არა, უარყოფს, თრგუნავს, ებრძვის ნიჭიერ ადამიანებს. უნდა გვახსოვდეს, რომ ის ნიჭიერი ადამიანები ღმერთმა მოგვცა, რომ ხალხს დაეხმაროს უფალთან მისვლისათვის. გახსოვდეთ, რომ ადამიანის გარეშე დედამიწა არაფერია, დედამიწა მკვდარია. აი, ამიტომ უნდა გაუფრთხილდეთ თქვენს შვილებს, მშობლებს. არაერთხელ მითქვამს თქვენთვის, რომ მშობლების პატივისცემა ეს არის დიდი ნიჭი. პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა. მე არაერთხელ შეგახსენეთ თქვენ, რომ ყოველ დღე ვისაც გყავთ მშობლები ხელზე ემთხვიეთ და სთხოვეთ მას კურთხევა-დედაო, მამაო, დამლოცეთ მე. იმათი დალოცვა ინება ღვთის ლოცვა-კურთხევა თქვენზე.
ნიჭი ეძლევა ღვთისაგან, ვისაც გაქვთ რაიმე ნიჭი, მინდა გითხრათ, რომ ყოველ ადამიანს აქვს რაიმე ნიჭი. ეს არის ღვთისაგან ბოძებული, ეს არის საჩუქარი. ჩვენი დამსახურება კი არ არის, ეს არის ღვთისაგან ბოძებული საჩუქარი, უნდა დააფასოთ ნიჭიერ ადამიანზე უნდა თქვათ, რომ ის ნიჭიერია, მხარში ამოუდგეთ და თქვენც იქნებით გახარებული და ისიც. არ არსებობს ადამიანი უნიჭო, მხოლოდ საჭიროა იმ ნიჭის მოძებნა, გამონახვა. შეიძლება ნიჭიერი იყო მეცნიერებაში, ტექნიკაში, სოფლის მეურნეობაში, მაგრამ უნიჭო ადამიანები არ არსებობს. მოძებნეთ თქვენი ნიჭი და ღმერთი დააგვირგვინებს იმ ნიჭს დიდი წარმატებით, დიდი შედეგებით. შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ ერთმანეთს, ცილისწამებას ნუ მიაყენებთ ერთმანეთს, გიყვარდეთ ერთმანეთი. წმინდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი ამბობს, რომ გიყვარდეთ ერთმანეთი და თქვენ იქნებით ბედნიერნი. დალოცვილი იყავით, გახარებული იყავით. ჩვენთან არს ღმერთი!
ოთხშაბათს არის ჩვენი დიდი დღესასწაული, 100 ათასი მოწამის ხსენება. სადაც კი არის შესაძლებელი ჩატარდეს დილით წირვა. 5 საათზე ყოველ სოფელში, ყოველ ქალაქში ჩატარდეს პარაკლისი 100 ათასი მოწამის. მეტეხის ხიდზე როგორც მუდამ არის და ყოფილა წარსულში. მე თვითონ ვეცდები საღამოს 5 საათზე ჩავატაროთ პარაკლისი“, -ბრძანა პატრიარქმა.
სამების საკათედრო ტაძარში დღევანდელ წირვას ყაზბეგიდან და ხევიდან ჩამოსული მრევლი ესწრებოდა. მოხევეები პატრიარქის მხარდასაჭერად ჩამოვიდნენ.