ავტორი ალა გრიგალაშვილი
პარლამენტის წევრი, მმართველი პარტიის წარმომადგენელი ომარ ნიშნიანიძე „ქართულ ოცნებაში" რჩება. პარტიაში დარჩენის გადაწყვეტილება მან ყოფილ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.
„პირადად შევხვდი ბატონ ბიძინას. მასთან ბოლო შეხვედრამ მიმაღებინა გადაწყვეტილება, რომ ის ფუნდამენტური ღირებულებები, რომელიც „ქართულ ოცნებას" ჰქონდა 2012 წელს გაცხადებული, კვლავ ძალაშია. მე უნდა დავრჩე ამ გუნდში! რაც შეეხება ჩემს კრიტიკულ გამოსვლებს, არ ვაპირებ, ამაზე უარი ვთქვა, თუნდაც ჩემი გუნდი იყოს. თუ ჩემი ყოფნა გუნდში დისკომფორტს არ შექმნის და თუ გიორგი კვირიკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი უარს არ იტყვიან და ჩათვლიან საჭიროდ, რომ მე ვიყო მათთან ერთად, ვიქნები კიდეც! ყოველ შემთხვევაში, მხარდამჭერი ყოველთვის ვიქნები მათი.
ბატონმა ბიძინამ ძალიან თბილად მიმიღო. მესაუბრა ბევრ თემაზე, მათ შორის ჩემს სიხისტეზე, ჩემს კრიტიკულ გამოსვლებზე. მან შეიძლება რჩევის სახით გითხრას რამე, მაგრამ არასდროს გაძალებს, აქ იყავი, იქ იყავიო. ამიტომ მე მივიღე გადაწყვეტილება, დავრჩე „ოცნებაში", - განაცხადა ნიშნიანიძემ.
რამდენიმე დღის წინ დეპუტატი თამაზ მეჭიაურის პოლიტიკურ პარტიაში გადასვლას არ გამორიცხავდა, თუმცა, როგორც ნიშნიანიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების" რიგების დატოვება მან სწორედ ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ გადაიფიქრა.
„თამაზ მეჭიაური ჩემი მეგობარია. თუმცა ჩვენ გვქონდა განსხვავებული მოსაზრებები საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით, ამიტომ მე ვიკავებდი თავს მის გუნდში გადასვლისგან. მაგრამ ბიძინა ივანიშვილის ბოლო გამოსვლებმა და მასთან პირადმა შეხვედრამაც დამარწმუნა, რომ ჩვენი ღირებულებები უცვლელია; მე უნდა ვიყო ამ გუნდში და ბოლომდე ვიბრძოლო გამარჯვებისთვის. ამავდროულად მე უნდა ვიყო კრიტიკული, რადგან ამით მომაქვს ამომრჩევლის აზრი გუნდამდე, რათა ვიყოთ უკეთესნი", - განაცხადა ნიშნიანიძემ.