logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: „ნაციონალები“ არიან ახალი დროის ორჯონიკიძეები, ბერბიჭაშვილები, დღეს ისინი აუცილებლად ესროდნენ ილიას
- +

12 ნოემბერი. 2019. 13:41

 

 

„ჩვენ ვიხილეთ გასული ორი კვირის განმავლობაში უპრეცედენტო შტურმი ეკლესიაზე და პირადად პატრიარქზე“, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სესიაზე უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

მისი შეფასებით, ოპონენტებს რეალურად არ უყვართ ქვეყანა და არ უხარიათ მისი წარმატება, პირიქით სწყინთ საქართველოს განვითარება და წარმატება.

 

„ვიცით, რომ ეს პოლიტიკური ძალა არის მთლიანად სიცრუეზე აგებული, არის განწირული მხილებისთვის და წარუმატებლობისთვის. ეს არის ნამდვილად საცოდავი პოლიტიკური ძალა, რომელსაც არ აქვს არც სამშობლო და არც ღმერთი სწამს.

 

რაც შეეხება ღმერთის რწმენას, ამ თემაზე აუცილებლად განსაკუთრებული აქცენტი უნდა გავაკეთოთ. ჩვენ ვიხილეთ გასული ორი კვირის განმავლობაში უპრეცედენტო შტურმი ეკლესიაზე და პირადად პატრიარქზე. ამაზე მეტყველებს ლიდერების, მათი ლიდერების მესიჯები და მე ციტატებს არ მოვიყვან იმის გამო, რომ დრო არ მეყოფა უბრალოდ ამისთვის - „ფეისბუქზე“ ათასობით „ნაციონალის“ უპრეცედენტო შტურმი პატრიარქზე და ეკლესიაზე; „ნაცების“ საიტები, შეგიძლიათ, ამოიღოთ სათაურები, როგორი შტურმი ხორციელდებოდა ეკლესიაზე, პატრიარქზე და ასევე „ნაცმოძრაობის“ სატელევიზიო საშუალებები, მათი მარგინალური პარტიული ტელევიზია ახორციელებდა მიზანმიმართულ შტურმს ეკლესიაზე. მარტო სათაურების მოყვანაც არის საკმარისი“, - განაცხადა კობახიძემ.

 

დეპუტატის თქმით, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, ვის მიერ არის შეტევა მართული.

 

„ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, ვის ინტერესებშია და ვის მიერაა მართული შეტევა და შტურმი ეკლესიაზე, პატრიარქზე. თუმცა ეს შტურმი არის განწირული წარუმატებლობისთვის. მათ სცადეს 20 ივნისს შეჭრა პარლამენტში და ხელისუფლების გადატრიალება. ეს მცდელობა დასრულდა ისე, როგორც დასრულდა, მათი წარუმატებლობით. ახლა ცდილობდნენ შეჭრას ეკლესიაში და ეს მცდელობაც ასეთივე წარუმატებლობით დასრულდება, რადგან აქ დგას ხალხი, აქ დგას ხელისუფლება, აქ დგას ეკლესია, რომლებიც არის შეურყეველი და აუცილებლად დაუპირისპირებენ სათანადო პასუხს ასეთ პოლიტიკურ ძალებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მისი შეფასებით, განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო თავდასხმა პირადად პატრიარქზე.

 

„განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო თავდასხმა პირადად პატრიარქზე, რომელიც უკვე 40 წელზე მეტია, ემსახურება ეკლესიის აღორძინებას და, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის აღორძინების საქმეს. ჩვენ აქ ვიხილეთ იმ სულის რეინკარნაცია, რომელიც ასე გვახსოვს გასული საუკუნის დასაწყისიდან – ეს არის ბოლშევიკური სულის რეინკარნაცია. მათ რომ ჰქონდეთ ახლა საშუალება, ხელში ჰქონდეთ უროები და მაკრატლები, დაიწყებდნენ ეკლესიების ნგრევას და სასულიერო პირების გაკრეჭას, თუმცა, მათ აქვთ სხვა იარაღი და დღეს ისინი აუცილებლად ესროდნენ ილიას, რადგან ისინი არიან ახალი დროის ორჯონიკიძეები და ახალი დროის ბერბიჭაშვილები. ეს არის ხალხის შეფასება ამ პოლიტიკური ძალის მიმართ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner