სოფელ ნამოხვანის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
„წყალტუბოდან 30 კილომეტრის დაშორებით, სოფელ ნამოხვანთან არსებულ ტყის მასივში მეხანძრე-მაშველების უწყვეტი მუშაობის შედეგად ცეცხლის ღია კერები აღარ შეინიშნება. სამუშაოებს რთული რელიეფი ართულებს. სალიკვიდაციო პროცესში ჩართულია იმერეთის მთავარი სამმართველოს 25 მეხანძრე-მაშველი, რომლებიც ხანძრის კერებთან მისასვლელად ფეხით დაახლოებით 10 კილომეტრ მანძილზე გადაადგილდებოდნენ.
ცეცხლი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა. დამწვარია ბალახი და ეკალ-ბარდი.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.