logo_geo
eng_logo
მაია კახიძე: მე რომ არ ვწერო, მოვკვდები...
- +

12 ნოემბერი. 2019. 19:29

 

11 ნოემბერს „თავისუფალ თეატრში“ მაია კახიძის ორი წიგნის - „ნაამბორალის“ და „რაც არასოდეს მითქვამს“  პრეზენტაცია გაიმართა. დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ, მოესმინათ არა მხოლოდ მაია კახიძის ლექსები, არამედ ის სიმღერებიც, რომლებიც ამ ლექსების მიხედვით შეიქმნა.

 

ღონისძიებას საზოგადოებისათვის კარგად ნაცნობი სახეებიც ესწრებოდნენ. მათ მიულოცეს ქალბატონ მაიას ახალი წიგნების პრეზენტაცია, საღამოს წარმატებულად წარმართვა და მისი შემოქმედების შესახებაც ისაუბრეს.

 

„ვულოცავ ჩემს მეგობარს კიდევ ერთ გამარჯვებას. მე მინდა შევეხო უშუალოდ იმ წიგნს, რომლის რედაქტორიც გახლავართ, ესაა „რაც არასოდეს მითქვამს“. ჟურნალისტის ცხოვრება მართლაც ძალიან საინტერესოა და ის შემონახული თუ ინტერვიუებიდან  დარჩენილი ამბები, რომლებიც არასოდეს დაბეჭდილა, მაიამ აკინძა და დღეს წარუდგინა მკითხველს“, - აღნიშნა საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარემ მარინა თექთუმანიძემ.

 

„დღეს მართლაც ზეიმი იყო. მაიამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ის მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანია, შესანიშნავად ერგება სცენას, ძალიან კარგად მღერის, წერს და ზოგადად უხარია სიცოცხლე. საოცრად უყვარს ჩემი და თავისი თბილისი. მიყვარს, როდესაც ვხედავ ადამიანს, რომლის სიყვარულიც ადამიანების მიმართ გადამდებია. ვულოცავ შემოქმედებით წარმატებას და დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდხანს გამახარებს მე, გაახარებს თითოეულ ჩვენგანს და მისი ენთუზიაზმი არასდროს ჩაქრება“, - აღნიშნა პოეტმა და ექიმმა ნანა ცინცაძემ.

 

„დიდი ბედნიერებაა, გყავდეს ქალაქში ასეთი პოეტი ქალი. გყავდეს მეგობარი, თანამოქალაქე, მოაზროვნე და სიყვარულში ჩადუღაბებული კალმის პატრონი. მეამაყება და მიხარია, რომ ვარ მისი მეგობარი და თანამოაზრე. ქალბატონო მაია, ღმერთმა დიდხანს გაწერინოთ ეს ლამაზი, ტკბილი, თბილისური სიყვარულით სავსე ლექსები“, - აღნიშნა მსახიობმა ზურაბ ანთელავამ.

 

„მე სულ ვამბობ, რომ წიგნის დაბადება შვილის დაბადების მსგავსია. შვილს რომ გააჩენ, ზუსტად ისეთივე ტკივილით იბადება წიგნიც. მაია ძალიან ემოციური, შუშპარა, მჩქეფარე ადამიანია და თან ცარიელი გულია. მივესალმები ყველა ადამიანს, ვინც ჯერ კიდევ ქმნის ქართულ კულტურას. ეს ძალიან დიდი შრომაა, თავდადება და სამშობლოს სჭირდება“, - აღნიშნა მაია კახიძის წიგნს რედაქტორმა, ლია მეტრეველმა.

 

მაია კახიძემ მადლობა გადაუხადა დამსწრეებს მობრძანებისათვის და თავისი შთაბეჭდილებებიც გაგვიზიარა. ქალბატონ მაიასთვის წერის გარეშე არსებობა წარმოუდგენელია და მომავალში კიდევ არა ერთი ახალი წიგნის პრეზენტაციას გეგმავს.

 

„მე რომ არ ვწერო, მოვკვდები. ხანდახან ვფიქრობ, კალმების პანთეონი მაქვს-მეთქი. ვინმეს წარმოუდგენია, საერთოდ რამდენი კალამი შეიძლება მქონდეს გახარჯული?..  რასაც ვწერ, ყველაფერი რეალობაა, არაფერს არ ვიგონებ. სხვათაშორის, დღეს გავბედე და წავიკითხე ჩემი ლექსად დაწერილი ანდერძიც“, - აღნიშნა პოეტმა და ჟურნალისტმა მაია კახიძემ.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner