logo_geo
eng_logo
შს სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
- +

8 ივნისი. 2016. 21:20


შინაგან საქმეთა სამინისტრო წყალტუბოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:


„2016 წლის 8 ივნისს, ქალაქ წყალტუბოში, 1954 წელს დაბადებული თეიმურაზ გ. საკუთარი ავტომანქანით გაჩერებულ ევაკუატორს შეეჯახა, რის შემდეგაც ევაკუატორის მძღოლთან - 1979 წელს დაბადებულ კონსტანტინე ს.-სთან სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა. თეიმურაზ გ.-მ კონსტანტინე ს. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლით დაიწყო.


სამართალდამცველებმა დაჭრის ფაქტზე სავარაუდო ბრალდებულის ვინაობა და ადგილსამყოფელი ოპერატიულად დაადგინეს. დაკავების ოპერაციის დროს, თეიმურაზ გ.-მ სამართალდამცველების მისამართით ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წყალტუბოს რაიონული სამმართველოს უფროსი რევაზ ქობულია მსუბუქად დაიჭრა. საპასუხო სროლისას, ასევე, დაიჭრა თავად თავდამსხმელი.


ამ დროისათვის ორივე დაჭრილი გადაყვანილია საავადმყოფოში."- აღნიშნულია განცხადებაში.


სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან დანაშაულის ჩადენის იარაღები - 2 პისტოლეტი და გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. თეიმურაზ გ-ს საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია სხვადასხვა ტიპის იარაღი და საბრძოლო მასალა.


შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი გამოძიებას საქართველოს სსკ-ს 118-ე, 236-ე და 353-ე მუხლებით აწარმოებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner