პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ, კომიტეტის სხდომაზე, სადაც 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა მიმდინარეობდა, განაცხადა, რომ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტი, არსებითად არ განსხვავდება პირველადი ვარიანტისგან, თუმცა საბიუჯეტო პროცესი გრძელდება.
მისი თქმით, წარმოდგენილი ვარიანტით არ იცვლება მაკროეკონომიკური პარამეტრები: კერძოდ: დაგეგმილია მშპ-ს 5%-იანი ზრდა, რაც ირაკლი კოვზანაძის აზრით, მთავრობის მხრიდან საკმაოდ ამბიციური განაცხადია. ასევე, ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია 3%-იანი ინფლაცია, ნაერთი ბიუჯეტის 2.6% დეფიციტი მშპ-სთან მიმართებაში და 14 მილიარდ 40 მილიონი ლარის შემოსულობები.
როგორც ირაკლი კოვზანაძე განმარტავს, სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების მოცულობაც და სტრუქტურაც პრაქტიკულად უცვლელია. მომავალ წელს 14 მილიარდ 211 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, თითქმის 900 მილიონი ლარით მეტი, ვიდრე 2019 წელს. გაიზრდება პენსიები, დაგეგმილია ხელფასების მატება მასწავლებლებისთვის, სკოლამდელი დაწესებულებების აღმზრდელთათვის, პოლიციელებისთვის, სამხედრო მოსამსახურეებისათვის.
იგი იმედოვნებს, რომ ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში პარლამენტის შენიშვნების და რეკომენდაციების მნიშვნელოვან ნაწილს გაითვალისწინებენ
"იცით, რომ საქართველოში იმყოფებოდა საერთაშორისი სავალუტო ფონდის მისია, მიმდინარეობს მათთან ინტენსიური მუშაობა და კონსულტაციები, მათ შორის 2020 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების თაობაზე, ასევე, ჯერჯერობით არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია 2019 წლის 10 თვის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის თაობაზე. შესაბამისად მთავრობამ მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ ამ ეტაპზე 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში არ განეხორციელებინა არსებითი კორექტირებები“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილა და მხარი დაუჭირა. ბიუჯეტის პროექტი განსახილველად ხვალ სესიაზე გავა. 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსია კი პარლამენტში არა უგვიანეს 30 ნოემბრამდე უნდა შევიდეს.